და იყო, რაჟამს დაასრულნა იესუ ყოველნი ესე სიტყუანი, ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა:
უწყითა, რამეთუ შემდგომად ორისა დღისა ვნებაჲ იგი იყოს, და ძჱ კაცისაჲ მიეცეს ჯუარ-ცუმად?
მაშინ შეკრბეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მოხუცებულნი ერისანი ეზოსა მას კაიაფაჲს მღდელთ-მოძღურისასა.
და ზრახვა-ყვეს, რაჲთა იესუ ზაკუვით შეიპყრან.
ხოლო იტყოდეს: ნუ დღესასწაულსა ამას, რაჲთა არა შფოთი იყოს ერსა შორის.
ხოლო იესუ იყო რაჲ ბეთანიას, სახლსა სიმონის კეთროვნისასა,
მივიდა მისა დედაკაცი, რომელსა აქუნდა ალაბასტრი ნელსაცხებელი მრავალსასყიდლისაჲ, და დაასხა თავსა მისსა ინაჴითმჯდომარესა.
იხილეს რაჲ მოწაფეთა, განრისხნეს და იტყოდეს: რაჲსათჳს იყო წარწყმედაჲ ნელსაცხებელისაჲ ამის?
შესაძლებელ იყო ესე განსყიდად დიდძალის და მიცემად გლახაკთა.
გულისხმა-ყო იესუ და ჰრქუა მათ: რაჲსა შრომასა შეამთხუევთ დედაკაცსა მაგას? რამეთუ საქმჱ კეთილი ქმნა ჩემდა მომართ*.
რამეთუ გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ.
რამეთუ დამასხა მაგან ნელსაცხებელი ესე ჴორცთა ჩემთა, დასაფლავად ჩემდა ყო.
ამენ გეტყჳ თქუენ: სადაცა იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოველსა სოფელსა, ითქუმოდის, რომელცა-ესე ყო მაგან საჴსენებელად მაგისა.
მაშინ წარვიდა ერთი იგი ათორმეტთაგანი, რომელსა ერქუა იუდა ისკარიოტელი, მღდელთ-მოძღუართა მათ
და ჰრქუა: რაჲ გნებავს მოცემად ჩემდა, და მე მიგცე იგი? ხოლო მათ მიუწონეს მას ოცდაათი ვეცხლი.
და მიერითგან ეძიებდა ჟამსა მარჯუესა, რაჲთა მისცეს იგი მათ.
ხოლო პირველსა მას დღესა უცომოებისასა მოვიდეს მოწაფენი იესუჲსა და ჰრქუეს მას: სადა გნებავს, და მოგიმზადოთ შენ ჭამად ვნებაჲ ესე?
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: წარვედით ქალაქად კაცისა ვისამე და არქუთ მას: მოძღუარმან ეგრე თქუა: ჟამი ჩემი ახლოს არს, შენ თანა ვყო ვნებაჲ ესე მოწფითურთ ჩემით.
და ყვეს ეგრე მოწაფეთა, ვითარცა უბრძანა მათ იესუ.
და ვითარცა შემწუხრდა, ინაჴით-ჯდა იესუ ათორმეტთა მათ თანა.
და ვითარცა ჭამდეს იგინი, ჰრქუა იესუ: ამენ გეტყჳ თქუენ: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე.
ხოლო იგინი შეწუხნეს ფრიად; და იწყო კაცად-კაცადმან მათმან სიტყუად: ნუუკუე მე ვარ, უფალო?
ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: რომელმან შთამოყოს ჩემ თანა ჴელი პინაკსა ამას, ამან მიმცეს მე.
ძჱ სამე კაცისაჲ წარვალს, ვითარცა წერილ არს მისთჳს, ხოლო ვაჲ კაცისა მის, რომლისა მიერ ძჱ კაცისაჲ მიეცეს. უმჯობჱს იყო მისა, არა თუმცა შობილ იყო კაცი იგი.
მიუგო იუდა, რომელმანცა მისცა იგი, და ჰრქუა: ნუუკუე მე ვარ, მოძღუარ? ჰრქუა მას იესუ: შენ სთქუ.
და ვითარცა ჭამდეს იგინი, მოიღო იესუ პური, აკურთხა და განტეხა და მისცა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: მიიღეთ, ჭამეთ, ესე არს ჴორცი ჩემი.
და მოიღო სასუმელი და ჰმადლობდა, მისცა მათ და ჰრქუა: სუთ ამისგანი ყოველთა:
ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაჲ, მრავალთათჳს დათხეული მისატევებელად ცოდვათა.
ხოლო გეტყჳ თქუენ: არღარა ვსუა მე ამიერითგან ნაყოფისაგან ამის ვენაჴისა ვიდრე მუნ დღედმდე, რაჟამს ვსუა იგი ახალი თქუენ თანა სასუფეველსა მამისა ჩემისასა.
და გალობაჲ წართქუეს *და განვიდეს იგინი მთასა მას ზეთისხილთასა.
მაშინ ჰრქუა მათ იესუ: თქუენ, ყოველნი, დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ ამას ღამესა, რამეთუ წერილ არს: დავსცემ მწყემსსა და განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოჲსა მისისანი.
ხოლო შემდგომად აღდგომისა ჩემისა წინაწარგიძღუე თქუენ გალილეად.
მიუგო პეტრე და ჰრქუა: დაღათუ სხუანი ყოველნი დაბრკოლდენ შენდა მიმართ, ხოლო მე არასადა დავბრკოლდე შენდა მიმართ.
ჰრქუა მას იესუ: ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე სამგზის უვარ-მყო მე.
ჰრქუა მას პეტრე: დაღათუ იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არასადა უვარ-გყო შენ. და ეგრევე მსგავსად ყოველნი მოწაფენი იტყოდეს.
მაშინ მოვიდა იესუ მათ თანა დაბასა, რომელსა ჰრქჳან გეთსეამანია, და ჰრქუა მათ: დასხედით მანდა, ვიდრემდე მივიდე იქი და ვილოცო.
და წარიყვანნა პეტრე და ორნი ძენი ზებედჱსნი და იწყო მწუხარებად და ურვად.
მაშინ ჰრქუა მათ იესუ: შეწუხებულ არს სული ჩემი ვიდრე სიკუდიდმდე; დაადგერით აქა და იღჳძებდით ჩემ თანა.
და წარ-რე-ვიდა მცირედ და დავარდა პირსა ზედა თჳსსა, ილოცვიდა და იტყოდა: მამაო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანაწარმჴედინ ჩემგან სასუმელი ესე; ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ.
და მოვიდა მოწაფეთა თანა და პოვნა იგინი მძინარენი და ჰრქუა პეტრეს: ესოდენ ვერ ძალ-გიცა ჟამ ერთ მღჳძარებად ჩემ თანა?
იღჳძებდით და ილოცევდით, რაჲთა არა შეხჳდეთ განსაცდელსა; სული გულსმოდგინე არს, ხოლო ჴორცნი -- უძლურ.
კუალად მეორედ წარვიდა და ილოცვიდა იესუ და თქუა: მამაო ჩემო, უკუეთუ ვერშესაძლებელ არს სასუმელი ესე თანაწარსლვად ჩემდა, რაჲთამცა არა შევსუ იგი, იყავნ ნებაჲ შენი.
და მოვიდა კუალად და პოვნა იგინი მძინარენი, რამეთუ იყვნეს თუალნი მათნი დამძიმებულ.
და დაუტევნა იგინი და მერმე წარვიდა მესამედ და ილოცვიდა და მასვე სიტყუასა იტყოდა.
მაშინ მოვიდა მოწაფეთა თანა და ჰრქუა მათ: დაიძინეთ ამიერითგან და განისუენეთ. აჰა, ესერა, მოახლებულ არს ჟამი, და ძჱ კაცისაჲ მიეცემის ჴელთა ცოდვილთასა.
აღდეგით, წარვიდეთ ამიერ. აჰა, ესერა, მოიწია მიმცემელი ჩემი.
და ვიდრე იგი იტყოდაღა, აჰა, ესერა, იუდა, ერთი იგი ათორმეტთაგანი, მოვიდა, და მის თანა ერი მრავალი მახჳლებითა და წათებითა მღდელთ-მოძღუართაგან და მოხუცებულთა ერისათა.
ხოლო მიმცემელსა მას მისსა მიეცა მცნებაჲ და ჰრქუა: რომელსა მე ამბორს-უყო, იგი არს, შეიპყართ იგი.
და მეყსეულად მოუჴდა იესუს და ჰრქუა: გიხაროდენ, მოძღუარ! და ამბორს-უყო მას.
ხოლო იესუ ჰრქუა მას: მოყუასო, რომლისათჳსცა მოსრულ ხარ? მაშინ მოუჴდეს და დაასხნეს ჴელნი მათნი იესუჲს ზედა და შეიპყრეს იგი.
და ერთმან იესუჲსთანამან მიყო ჴელი და იჴადა მახჳლი მისი და სცა მონასა მღდელთ-მოძღურისასა და წარჰკუეთა ყური მისი.
მაშინ ჰრქუა მას იესუ: მიაქციე მახჳლი ადგილსა თჳსსა! რამეთუ ყოველთა რომელთა აღიღონ მახჳლი, მახჳლითავე წარწყმდენ.
ანუ ჰგონებთ, ვითარმედ ვერ ძალ-მიც ვედრებად მამისა ჩემისა, და წარმომიდგინოს მე აწ აქა უმრავლჱს ათორმეტთა გუნდთა ანგელოზთა?
და ვითარმე აღესრულნენ წერილნი იგი, რამეთუ ესრე ჯერ-არს ყოფად?
მას ჟამსა ჰრქუა იესუ ერსა მას: ვითარცა ავაზაკსა ზედა გამოხუედით მახჳლითა და წათებითა შეპყრობად ჩემდა; დღითი დღე თქუენ თანა ტაძარსა მას შინა ვჯედ და გასწავებდ თქუენ, და არა შემიპყართ მე.
ესე ყოველი იყო, რაჲთა აღესრულნენ წიგნნი წინაწარმეტყუელთანი. მაშინ მოწაფეთა ყოველთა დაუტევეს იგი და ივლტოდეს.
ხოლო მათ შეიპყრეს იესუ და მიიყვანეს კაიაფაჲსა მღდელთ-მოძღურისა, სადა-იგი მწიგნობარნი და მოხუცებულნი ერისანი შეკრებულ იყვნეს.
ხოლო პეტრე მისდევდა მას შორით ვიდრე ეზოდმდე მღდელთ-მოძღურისა, და შევიდა შინა და დაჯდა მსახურთა თანა ხილვად აღსასრულისა.
ხოლო მღდელთ-მოძღუარნი იგი და ყოველი კრებული ეძიებდეს ცრუმოწამეთა იესუჲსთჳს, რაჲთამცა მოკლეს იგი,
და არა ჰპოვებდეს, რამეთუ მრავალნი მოსრულ იყვნეს ცრუმოწამენი. უკუანაჲსკნელ მო-ვინმე-ვიდეს ორნი
და თქუეს, ვითარმედ: ამან ესრე თქუა: ძალ-მიც დარღუევად ტაძარი ესე ღმრთისაჲ და მესამესა დღესა აღშჱნებად.
მაშინ აღდგა მღდელთ-მოძღუარი იგი და ჰრქუა მას: არცაღა სიტყუას-რას-მიუგება, რასა-ესე შეგწამებენ შენ?
ხოლო იესუ დუმნა. მაშინ მღდელთ-მოძღუარმან მან ჰრქუა მას: გაფუცებ შენ ღმერთსა ცხოველსა, რაჲთა მითხრა ჩუენ, უკუეთუ შენ ხარ ქრისტჱ, ძჱ ღმრთისაჲ?
ჰრქუა მას იესუ: შენ სთქუ. ხოლო გეტყჳ თქუენ: ამიერითგან იხილოთ ძჱ კაცისაჲ მჯდომარჱ მარჯუენით ძლიერებათა და მომავალი ღრუბელთა თანა ცისათა.
მაშინ მღდელთ-მოძღუარმან მან დაიპო სამოსელი თჳსი და თქუა: რაჲსაღა გჳჴმან მოწამენი? აჰა, ესერა, გესმა გმობაჲ მაგისი.
რაჲ გნებავს თქუენ? ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს: თანამდებ არს სიკუდილისა.
მაშინ ჰნერწყუვიდეს პირსა მისსა და ჴუერთითა სცემდეს თავსა მისსა, და რომელნიმე ყურიმალსა სცემდეს
და ეტყოდეს: გჳწინაწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ?
ხოლო პეტრე ჯდა ეზოსა შინა. და მოუჴდა მას ერთი მჴევალი და ჰრქუა მას: შენცა იყავ იესუჲს თანა გალილეველისა.
ხოლო მან უვარ-ყო წინაშე ყოველთასა და თქუა: არა ვიცი, რასა იტყჳ.
და ვითარცა გამოვიდა იგი გარეშე ბჭეთა, იხილა იგი სხუამან და ჰრქუა მუნ მდგომარეთა მათ: ესე იყო იესუჲს თანა, ნაზარეველისა.
და მერმეცა უვარ-ყო პეტრე ფიცით და თქუა, ვითარმედ: არა ვიცი კაცი იგი.
და შემდგომად მცირედისა ჟამისა მოუჴდეს მუნ მდგომარენი იგი პეტრეს და ჰრქუეს მას: ჭეშმარიტად შენცა მათგანი ხარ, რამეთუ სიტყუაჲცა შენი გამოგაჩინებს შენ.
მაშინ იწყო პეტრე შეჩუენებად და ფიცად, ვითარმედ: არა ვიცი კაცი იგი. და მეყსეულად ქათამი ყივა ხოლო.
და მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი იესუჲსი, რომელი ჰრქუა მას, ვითარმედ: ვიდრე არღა ეყივლოს ქათამსა, სამგზის უვარ-მყო მე. და გამოვიდა პეტრე გარე და ტიროდა მწარედ.