და იყო, ვითარცა დაასრულნა იესუ სიტყუანი ესე, წარვიდა გალილეაჲთ და მივიდა საზღვართა ჰურიასტანისათა, წიაღ იორდანესა.
და მისდევდა მას ერი მრავალი, და განკურნნა იგინი მუნ.
მაშინ მოვიდეს მისა ფარისეველნი, გამოსცდიდეს მას და ეტყოდეს: უკუეთუ ჯერ-არს კაცისა განტევებაჲ ცოლისა თჳსისაჲ ყოვლისათჳს ბრალისა?
ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: არა აღმოგიკითხავსა, რამეთუ რომელმან დაჰბადა დასაბამსა, მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი?
და თქუა: ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამამან თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა, და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც.
ვითარმედ არღარა არიან იგინი ორ, არამედ ერთ ჴორც, რომელნი-იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცნი ნუ განაშორებენ.
ხოლო მათ ჰრქუეს მას: რაჲსათჳს უკუე მოსე ამცნო წიგნი განტევებისაჲ მიცემად და განტევებად?
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ, რამეთუ: მოსე გულფიცხელობისა თქუენისათჳს გიბრძანა თქუენ განტევებაჲ ცოლთა თქუენთაჲ, ხოლო დასაბამსა არა ეგრე იყო.
ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ: რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი თჳნიერად სიძვისა და სხუაჲ შეირთოს, იმრუშოს მან; და რომელმან განტევებული შეირთოს, მანცა იმრუშოს.
ჰრქუეს მას მოწაფეთა მისთა: უკუეთუ ესოდენი ბრალი არს კაცისა დედაკაცისა თანა, არა შეჰგავს ქორწინებაჲ.
ჰრქუა მათ იესუ: არა ყოველთა დაიტიონ სიტყუაჲ ეგე, არამედ რომელთადა მიცემულ არს.
რამეთუ არიან საჭურისნი, რომელნი მუცლითგან დედისა თჳსისაჲთ საჭურისნი იშვნეს; და არიან საჭურისნი, რომელნი კაცთაგან გამოისაჭურისნეს; და არიან საჭურისნი, რომელთა გამოისაჭურისნეს თავნი თჳსნი სასუფეველისათჳს ცათაჲსა. რომელი შემძლებელ არს დატევნად, დაიტიენ.
მაშინ მოჰგუარეს მას ყრმები, რაჲთამცა ჴელი დასდვა მათ და აკურთხნა იგინი. ხოლო მოწაფენი ჰრისხვიდეს მათ.
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: აცადეთ ყრმებსა მაგას მოსლვად ჩემდა და ნუ რას აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგევითართაჲ არს სასუფეველი ცათაჲ.
და დასდვა ჴელი მისი მათ ზედა. და ვითარცა წარვიდა მიერ,
აჰა, მო-ვინმე-ვიდა მისა კაცი ერთი და ჰრქუა: მოძღუარო სახიერო, რაჲმე კეთილი ვქმნე, რაჲთა მაქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ?
ხოლო იესუ ჰრქუა მას: რაჲსა მკითხავ მე კეთილისა საქმისათჳს? ერთი არს სახიერი -- ღმერთი. ხოლო თუ გნებავს ცხორებასა შესლვაჲ, დაიმარხენ მცნებანი.
ჰრქუა მას: რომელნი მცნებანი? ხოლო იესუ ჰრქუა მას: ესე, ვითარმედ: არა კაც-ჰკლა, არა იმრუშო, არა იპარო, არა ცილი სწამო,
პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა და შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი.
ჰრქუა მას ჭაბუკმან მან: ეგე ყოველი დამიმარხავს სიყრმით ჩემითგან, რაჲღა მაკლს მე?
ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ გნებავს, რაჲთა სრულ ხოლო იყო, წარვედ და განყიდე ნაყოფი შენი და მიეც გლახაკთა, და გაქუნდეს საუნჯჱ ცათა შინა, და მოვედ და შემომიდეგ მე.
და ვითარცა ესმა ესე ჭაბუკსა მას, წარვიდა მწუხარჱ, რამეთუ იყო იგი მდიდარ ფრიად.
ხოლო იესუ ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მდიდარი ძნიად შევიდეს სასუფეველსა ცათასა.
და მერმე გეტყჳ თქუენ: უადვილეს არს მანქანისა საბელი განსლვად ჴურელსა ნემსისასა, ვიდრე მდიდარი შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა.
ვითარცა ესმა ესე მოწაფეთა მისთა, განუკჳრდებოდა ფრიად და იტყოდეს: ვის ჴელ-ეწიფების ცხორებად?
მიჰხედა იესუ და ჰრქუა მათ: კაცთაგან შეუძლებელ არს, ხოლო ღმრთისა მიერ ყოველივე შესაძლებელ არს.
მაშინ მიუგო პეტრე და ჰრქუა იესუს: უფალო, აჰა, ესერა, ჩუენ ყოველივე დაუტევეთ და შეგიდეგით შენ: რაჲმე იყოს ჩუენთჳს?
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ თქუენ, რომელნი-ეგე შემომიდეგით მე, მერმესა მას მოსლვასა, რაჟამს დაჯდეს ძჱ კაცისაჲ საყდართა დიდებისა თჳსისათა, დასხდეთ თქუენცა ათორმეტთა საყდართა განსჯად ათორმეტთა ნათესავთა ისრაჱლისათა.
და ყოველმან რომელმან დაუტეოს სახლი, გინა ძმანი, ანუ დანი, ანუ მამაჲ, ანუ დედაჲ, ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ ქუეყანაჲ სახელისა ჩემისათჳს, ასი წილი მოიღოს და ცხორებაჲ საუკუნოჲ დაიმკჳდროს.
ხოლო მრავალნი იყვნენ პირველნი უკუანა, და უკუანანი -- წინა.