მას ჟამსა შინა ესმა ჰეროდეს, ოთხთა მათ სამთავროთა მთავარსა, ჰამბავი იესუჲსთჳს,
და ჰრქუა მონათა თჳსთა: ესე არს იოვანე ნათლისმცემელი, იგი აღდგომილ არს მკუდრეთით, და მისთჳს იქმნებიან ძალნი ესე მის თანა.
რამეთუ ჰეროდე მაშინ შეიპყრა იოვანე და შებორკილა და საპყრობილესა შეაყენა ჰეროდიაჲსთჳს, ცოლისა ფილიპჱსა, ძმისა თჳსისა.
რამეთუ ეტყოდა მას იოვანე: არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა გესუა იგი ცოლად.
და უნდა ღათუ მისი მოკლვაჲ, ეშინოდა ერისა მის, რამეთუ ვითარცა წინაწარმეტყუელი ეპყრა იგი.
და ვითარცა შობისა დღენი იყვნეს ჰეროდჱსნი, როკვიდა ასული ჰეროდიაჲსი შორის და ხთნდა ჰეროდეს როკვაჲ იგი მისი.
რომლისაგან ფიცით აღუთქუა მას მიცემად, რაჲცა ითხოოს,
ხოლო იგი წინაჲსწარ ბირებულ იყო დედისაგან თჳსისა და ჰრქუა: მომეც მე აქა ლანკნითა თავი იოვანე ნათლისმცემელისაჲ.
და შე-ღათუ-წუხნა მეფჱ იგი ფიცისა მისთჳს და მის თანა მეინაჴეთა, ბრძანა მიცემად იგი მას.
და მიავლინა და მოჰკუეთა თავი იოვანეს საპყრობილესა შინა.
და მოართუეს თავი მისი ლანკნითა და მისცეს ქალსა მას, და მან მიართუა დედასა თჳსსა.
და მოვიდეს მოწაფენი მისნი და წარიღეს გუამი მისი და დაჰფლეს იგი და მოვიდეს და უთხრეს იესუს.
ხოლო ესმა რაჲ ესე იესუს, განეშორა მიერ ნავითა და წარვიდა უდაბნოსა ადგილსა თჳსაგან. და ვითარცა ესმა ერსა მას, მისდევდა მას მკჳრცხლ ქალაქებისაგან.
და გამოვიდა იესუ და იხილა მრავალი ერი და შეეწყალნეს იგინი და განკურნნა სნეულნი მათნი.
და ვითარცა შემწუხრდა, მოუჴდეს მოწაფენი მისნი და ჰრქუეს მას: უდაბნო არს ადგილი ესე, და ჟამი გარდასრულ არს; განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ გარემო დაბნებსა და იყიდონ თავისა თჳსისა საზრდელი.
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა უჴმს მათ წარსლვაჲ; თქუენ ეცით მაგათ ჭამადი.
ხოლო მათ ჰრქუეს მას: არა გუაქუს აქა, გარნა ხუთი პური და ორი თევზი.
ჰრქუა მათ იესუ: მომართუთ მე იგი აქა!
და უბრძანა ერსა მას დასხდომაჲ თივასა ზედა. და მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი, აღიხილნა ზეცად და აკურთხა და განტეხა და მისცა პური იგი მოწაფეთა თჳსთა, და მოწაფეთა მათ მისცეს ერსა მას.
ჭამეს ყოველთა და განძღეს; და აღიღეს ნეშტი ნამუსრევი ათორმეტი გოდორი სავსჱ.
ხოლო იყვნეს, რომელთა ჭამეს, მამანი ხოლო ხუთ ათას, თჳნიერ ყრმებისა და დედებისა.
და მეყსეულად აიძულა მოწაფეთა შესლვად ნავსა და წინაწარძღუანვად მისა წიაღკერძო, ვიდრემდე განუტეოს ერი იგი.
და ვითარცა განუტევა ერი იგი, აღვიდა მთასა ლოცვად თჳსაგან. და შე-რაჲ-მწუხრდა, მარტოჲ იყო მუნ.
ხოლო ნავი იგი განშორებულ იყო ქუეყანით მრავალ უტევან და იგუემებოდა ღელვათაგან, რამეთუ იყო ქარი იგი პირით.
და მეოთხესა საჴუმილავსა ღამისასა მოვიდა მათა იესუ სლვით ზღუასა მას ზედა.
ხოლო მოწაფეთა ვითარცა იხილეს იგი, ვიდოდა რაჲ ზღუასა მას ზედა, შეძრწუნდეს და თქუეს, ვითარმედ: საუცარ რაჲმე არს, -- და შიშისაგან ღაღად-ყვეს.
მეყსეულად ეტყოდა მათ იესუ და ჰრქუა: კადნიერ იყვენით! მე ვარ, ნუ გეშინინ!
მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: უფალო, უკუეთუ შენ ხარ, მიბრძანე მე მისლვად შენდა წყალთა ამათ ზედა.
ხოლო მან ჰრქუა: მოვედ! და გარდამოვიდა პეტრე ნავით და ვიდოდა წყალთა მათ ზედა, და მოვიდოდა იესუჲსა,
და ვითარცა იხილა ქარი იგი ძლიერი, შეეშინა და იწყო დათქმად, ღაღად-ყო და თქუა: უფალო, მიჴსენ მე!
და მეყსეულად განყო ჴელი, უპყრა მას და ჰრქუა: მცირედმორწმუნეო, რაჲსა შეორგულდი?
და ვითარცა აღვიდეს იგინი ნავსა მას, დასცხრა ქარი იგი.
ხოლო რომელნი-იგი ნავსა მას შინა იყვნეს, მოუჴდეს და თაყუანის-სცეს მას და ეტყოდეს: ჭეშმარიტად ძჱ ღმრთისაჲ ხარ შენ.
და განვიდეს და მივიდეს ქუეყანასა მას გენესარეთისასა.
და იცნეს იგი კაცთა მათ მის ადგილისათა და წარავლინნეს ყოველსა მას სანახებსა და მოართუეს მას ყოველი ბოროტად ვნებული.
და ევედრებოდეს მას, რაჲთა შე-ხოლო-ახონ ფესუსა სამოსლისა მისისასა. და რაოდენთა შეახეს, ცხოვნდეს.