და იყო, რაჟამს დაასრულნა იესუ ბრძანებანი ესე ათორმეტთა მიმართ მოწაფეთა მისთა, წარვიდა მიერ ქადაგებად და სწავლად ქალაქებსა მათსა.
ხოლო იოვანეს რაჲ ესმნეს საპყრობილესა შინა საქმენი იგი ქრისტჱსნი, მიავლინნა მოწაფენი თჳსნი
და ჰრქუა: შენ ხარა მომავალი იგი, ანუ სხუასა მოველოდით?
ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: მივედით და უთხართ იოვანეს, რომელი გესმის და ჰხედავთ:
ბრმანი აღიხილვენ, მკელობელნი ვლენან, კეთროვანნი განწმდებიან, ყრუთა ესმის, და მკუდარნი აღდგებიან, და გლახაკთა ეხარების,
და ნეტარ არს, რომელი არა დაბრკოლდეს ჩემდა მომართ.
და ვითარცა ესენი წარვიდეს, იწყო იესუ სიტყუად ერსა მას იოვანჱსთჳს: რაჲსა გამოხუედით ხილვად? ლერწმისა, ქარისაგან შერყეულისა?
არამედ რაჲსა გამოხუედით? -- კაცისა, ჩჩჳლითა სამოსლითა შემოსილისა? -- აჰა, ესერა, რომელნი ჩჩჳლითა სამოსლითა შემოსილ არიან, სახლთა შინა სამეუფოთა არიან.
არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? -- წინაწარმეტყუელისა? -- ჰე, -- გეტყჳ თქუენ, -- და უმეტჱს წინაწარმეტყუელისა!
რამეთუ ესე არს, რომლისათჳს წერილ არს: აჰა, ესერა, წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე შენსა, რომელმან განჰმზადნეს გზანი შენნი წინაშე შენსა.
ამენ გეტყჳ თქუენ: არა აღდგომილ არს ნაშობი დედათაჲ უფროჲს იოვანჱს ნათლისმცემელისა. ხოლო უმცირჱსი სასუფეველსა ცათასა უფროჲს მისა არს.
რამეთუ დღითგან იოვანეს ნათლისმცემელისაჲთ ვიდრე აქამომდე სასუფეველი ცათაჲ იიძულების, და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი.
რამეთუ ყოველნი წინაწარმეტყუელნი და შჯული ვიდრე იოვანჱსამდე წინაწარმეტყუელებდეს,
და უკუეთუ გნებავს შეწყნარების, იგი არს ელია, რომელი მოვალს.
რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!
აწ ვის ვამსგავსო ნათესავი ესე? მსგავს არს ყრმათა, რომელნი სხენედ უბანთა და მოუწესედ მოყუასთა თჳსთა
და ეტყჳედ მათ: გისტჳნევდით თქუენ, და არა ჰროკევდით; გიგოდებდით, და არა ეტყებდით.
რამეთუ მოვიდა იოვანე, არცა ჭამდა, არცა სუმიდა, და იტყჳან, ვითარმედ: ეშმაკეულ არს.
მოვიდა ძჱ კაცისაჲ, ჭამს და სუამს, და იტყჳან: აჰა, კაცი მჭამელი და ღჳნისმსუმელი, მეგობარი მეზუერეთაჲ და ცოდვილთაჲ. და განმართლდა სიბრძნჱ შვილთაგან თჳსთა.
მაშინ იწყო იესუ ყუედრებად ქალაქებისა მის, სადა-იგი იქმნნეს უმრავლჱსნი ძალნი მისნი, რამეთუ არა შეინანეს:
ვაჲ შენდა, ქორაზინ, და ვაჲ შენდა, ბეთსაიდა! რამეთუ ტჳროსს თუმცა და სიდონს იქმნნეს ძალნი, რომელნი იქმნნეს თქუენ შორის, მაშინვე სამემცა ძაძითა ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს.
ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ტჳროსი და სიდონი უმოლხინჱს იყოს დღესა მას საშჯელისასა, ვიდრე თქუენ.
ხოლო შენ, კაფარნაუმ, ნუ ცადმდე აჰმაღლდები, არამედ ჯოჯოხეთამდე შთაჰჴდე, რამეთუ სოდომას თუმცა იქმნნეს ძალნი, რომელნი იქმნნეს შენ შორის, ჰგიანმცა დღენდელად დღედმდე.
ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ქუეყანაჲ იგი სოდომისაჲ და გომორისაჲ უმოლხინჱს იყოს დღესა მას საშჯელისასა, ვიდრე შენ.
მას ჟამსა შინა იტყოდა იესუ და თქუა: აღგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისაო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა, და გამოუცხადე ესე ჩჩჳლთა.
ჰე, მამაო, რამეთუ ესრჱთ სათნო იყო შენ წინაშე.
ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ და არავინ იცის ძჱ, გარნა მამამან; არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან; და, რომლისაჲ უნდეს ძესა გამოცხადების, გამოუცხადოს მას.
მოვედით ჩემდა, ყოველნი მაშურალნი და რომელთა ტჳრთი მძიმჱ გეტჳრთა, და მე განგისუენო თქუენ.
აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ,
რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი მცირე არს.