მას დღესა შინა გამოვიდა იესუ სახლისა მისგან და დაჯდა ზღჳსკიდესა.
და შეკრბა მისა ერი მრავალი, ვიდრემდე შესლვად მისა ნავად და დაჯდომად. და ყოველი იგი ერი ზღჳსკიდესა დგა.
და ეტყოდა მათ მრავალსა იგავით და ჰრქუა: ესერა, გამოვიდა მთესვარი თესვად.
და თესვასა მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა. და მოვიდეს მფრინველნი ცისანი და შეჭამეს იგი.
და სხუაჲ დავარდა კლდესა ზედა, სადა არა იყო მიწაჲ ფრიად; და მეყსეულად აღმოსცენდა, რამეთუ არა იყო სიღრმე მიწისაჲ.
მზჱ აღმოჰჴდა, დასცხა და, რამეთუ ძირნი არა დაებნეს, განჴმა.
და სხუაჲ იგი დავარდა ეკალთა შორის, და აღმოსცენდეს ეკალნი და შეაშთვეს იგი.
და რომელიმე დავარდა ქუეყანასა კეთილსა და მოსცემდა ნაყოფსა: რომელიმე -- ასსა, და რომელიმე-- სამეოცსა, და რომელიმე -- ოცდაათსა.
რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!
და მოუჴდეს მოწაფენი და ჰრქუეს მას: რაჲსათჳს იგავით ეტყჳ მათ?
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: რამეთუ თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ სასუფეველისა ცათაჲსაჲ, ხოლო მათდა არა მიცემულ არს.
რამეთუ რომელსა აქუნდეს, მიეცეს მას და მიემატოს; და რომელსა არა აქუნდეს, და რომელღა იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მას.
ამისთჳს იგავით ვეტყჳ მათ, რამეთუ ხედვენ და არა ხედვენ, და ესმის და არა ესმის, და არცა გულისჴმა-ყვიან.
და აღესრულების მათ ზედა წინაწარმეტყუელებაჲ იგი ესაია წინაწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა: სმენით ესმოდის და არა გულისჴმა-ყონ, და ხედვით ხედვიდენ და არა იხილონ.
რამეთუ განზრქნა გული ერისაჲ ამის, და ყურითა მძიმედ ისმინეს, და თუალნი მათნი დაიწუხნეს, ნუუკუე თუალითა იხილონ და ყურითა ისმინონ და გულითა გულისჴმა-ყონ, და მოიქცენ და განიკურნენ იგინი.
ხოლო თუალნი თქუენნი ნეტარ არიან, რამეთუ ხედვენ, და ყურნი თქუენნი, რამეთუ ესმის.
ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მრავალთა წინაჲსწარმეტყუელთა და მართალთა გული ეტყოდა ხილვად, რომელსა ხედავთ, და ვერ იხილეს, და სმენად, რომელი გესმის, და ვერ ესმა.
თქუენ აწ ისმინეთ იგავი იგი მთესვარისაჲ.
ყოველსა რომელსა ესმინ სიტყუაჲ იგი სასუფეველისაჲ და არა გულისჴმა-ყვის, მოვიდის უკეთური იგი და მიიტაცის დათესული იგი გულსა მისსა. ესე იგი არს, რომელი-იგი გზასა თანა დაეთესა.
ხოლო რომელი-იგი კლდოვანსა ზედა დაეთესა, ესე არს: რომელსა სიტყუაჲ იგი ესმინ, წუთ ერთ სიხარულით შეიწყნარის იგი.
და რამეთუ ძირი არა აქუნ გულსა მისსა, არამედ საწუთრო არნ. რაჟამს უკუე არნ ჭირი ანუ დევნულებაჲ სიტყჳსა მისთჳს, მეყსეულად ცთის.
ხოლო რომელი-იგი ეკალთა შიდა დაეთესა, ესე არს: რომელმან სიტყუაჲ იგი ისმინის, და ზრუნვამან ამის სოფლისამან და საცთურმან სიმდიდრისამან შეაშდვის სიტყუაჲ იგი, და უნაყოფო იქმნის.
ხოლო რომელი-იგი ქუეყანასა კეთილსა დაეთესა, ესე იგი არს: რომელმან სიტყუაჲ იგი ისმინის და გულისჴმა-ყვის და გამოიღის ნაყოფი და ყვის: რომელმანმე -- ასი, რომელმანმე -- სამეოცი, რომელმანმე -- ოცდაათი.
სხუაჲ იგავი დაუდგა მათ და ჰრქუა: მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა მთესვარსა კეთილისა თესლისა აგარაკსა თჳსსა.
და რაჟამს დაიძინეს კაცთა მათ, მოვიდა მისი მტერი და დასთესა ღუარძლი შორის იფქლსა და წარვიდა.
რაჟამს უკუე აღმოსცენდა ჯეჯლი და ნაყოფი გამოიღო, მაშინღა გამოჩნდა ღუარძლი იგი.
და მოვიდეს მონანი იგი მამასახლისისანი და ჰრქუეს მას: უფალო, არა კეთილი თესლი დასთესე აგარაკსა ამას შენსა? აწ ვინაჲ ჰრთავს ღუარძლი ესე?
ხოლო მან ჰრქუა მათ: მტერმან კაცმან ყო ესე. მონათა მათ ჰრქუეს მას: გნებავს, თუ მივიდეთ და მოვჰმარგლოთ იგი?
ხოლო მან ჰრქუა მათ: არა, ნუუკუე მომარგლასა მას ღუარძლისასა აღმოჰფხურათ მის თანა იფქლიცა.
აცადეთ თანად აღორძინებად ორთავე მიმკამდის; და ჟამსა მკისასა უბრძანო მომკალთა: შეკრიბეთ ღუარძლი იგი პირველად და დაკართ იგი ძნეულად დასაწუველად; ხოლო იფქლი იგი შეკრიბეთ საუნჯესა ჩემსა.
სხუასა იგავსა ეტყოდა მათ და ჰრქუა: მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ მარცუალსა მდოგჳსასა, რომელ მოიღო კაცმან და დასთესა აგარაკსა თჳსსა,
რომელ უმცირეს არს ყოველთა თესლთა, ხოლო რაჟამს აღორძნდის, უფროჲს ყოველთა მხალთასა არნ, და იქმნის ხჱ, ვიდრე მოსლვადცა მფრინველთა ცისათა და დადრგომად რტოთა მისთა.
სხუასა იგავსა ეტყოდა მათ: მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ ცომსა, რომელ მოიღის დედაკაცმან და შეჰრია ფქვილსა სამსა გრივსა, ვიდრემდის განაფუვნა ყოველი.
ამას ყოველსა ეტყოდა იესუ იგავით ერსა მას, და უიგავოდ არას ეტყოდა მათ.
რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი წინაჲსწარმეტყუელისა თქუმული: აღვაღო იგავით პირი ჩემი და ვიტყოდი დაფარულთა სოფლისდაბადებითგანთა.
მაშინ დაუტევა ერი იგი და მოვიდა სახიდ თჳსა იესუ. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და ჰრქუეს: გჳთხარ ჩუენ იგავი იგი ღუარძლისაჲ და აგარაკისაჲ.
მან მიუგო მათ და ჰრქუა: მთესვარი იგი თესლისა მის კეთილისაჲ ძჱ კაცისაჲ არს.
აგარაკი არს ესე სასუფეველი, ხოლო კეთილი იგი თესლი ესე არიან ძენი სასუფეველისანი, და ღუარძლი იგი არიან ძენი უკეთურისანი.
ხოლო მტერი იგი, რომელმან დასთესნა იგინი, ეშმაკი არს; და მკაჲ იგი არს აღსასრული ამის სოფლისაჲ; და მომკალნი იგი ანგელოზნი არიან.
ვითარცა-იგი შეკრიბიან ღუარძლი და ცეცხლითა დაწჳან, ეგრე იყოს აღსასრული ამის სოფლისაჲ.
რამეთუ მოავლინნეს ძემან კაცისამან ანგელოზნი თჳსნი და შეკრიბნეს სუფევისაგან მისისა ყოველნი საცთურნი და მოქმედნი უშჯულოებისანი.
და შესთხინენ იგინი საჴუმილსა მას ცეცხლისა აგზებულისასა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.
მაშინ მართალნი გამობრწყინდენ, ვითარცა მზჱ, სასუფეველსა ცათასა. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!
კუალად მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ საუნჯესა, დაფარულსა ყანასა შინა, რომელი პოვა კაცმან და დამალა და სიხარულითა მით წარვიდა, და განყიდა ყოველი, რაჲცა აქუნდა, და მოიყიდა აგარაკი იგი.
მერმე მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა ვაჭარსა, რომელი ეძიებნ კეთილთა მარგალიტთა.
და პოის რაჲ ერთი მრავალსასყიდლისა მარგალიტი, წარვიდა და განყიდა ყოველი, რაჲცა ედვა, და მოიყიდა იგი.
მერმე კუალად მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ სათრომელსა, რომელ სდვიან ზღუასა და ყოვლისაგან თესლად-თესლადისა შეკრიბიან.
რაჟამს უკუე აღივსის, გამოიღიან იგი ზღჳსკიდედ და დადვიან და განარჩიიან და შეკრიბიან კეთილი იგი ჭურჭელსა, ხოლო ჯერკუალი იგი გარე განაბნიიან.
ეგრე იყოს აღსასრულსა ამის სოფლისასა: განვიდენ ანგელოზნი და განარჩინენ უკეთურნი მართალთაგან.
და შთასთხინენ იგინი საჴუმილსა მას ცეცხლისასა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.
გულისჴმა-ჰყავთა ესე ყოველი? ჰრქუეს მას: ჰე, უფალო.
ხოლო მან ჰრქუა მათ: ამისთჳს ყოველი მწიგნობარი, დამოწაფებული სასუფეველსა ცათასა, მსგავს არს კაცსა მამასახლისსა, რომელმან-იგი გამოიღის საფასისა თჳსისაგან ახალი და ძუელი.
და იყო, რაჟამს დაასრულა იესუ იგავები ესე, წარვიდა მიერ.
და მოვიდა სოფლად თჳსა და ასწავებდა მათ შესაკრებელთა მათთა, და დაუკჳრდებოდა მათ და იტყოდეს: ვინაჲ არს ამისა სიბრძნე ესე და ძალნი?
ანუ არა ესე არს ხუროჲსაჲ იგი ძჱ? არა დედასა მისსა მარიამ ჰრქჳან? და ძმათა მისთა -- იაკობ და იოსებ და სიმონ და იუდა?
და დანი მისნი არა ყოველნი ჩუენ თანა არიან? ვინაჲ არს ამისა ყოველი ესე?
და სცთებოდეს მისა მიმართ. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა არს წინაჲსწარმეტყუელი შეურაცხ, გარნა სოფელსა თჳსსა და სახლსა შინა თჳსსა.
და არა ქმნნა მუნ ძალნი მრავალნი ურწმუნოებისა მათისათჳს.