მას ჟამსა შინა წარვიდოდა იესუ დღესა შაფათსა ყანობირსა მათსა. ხოლო მოწაფეთა მისთა შეემშია, და იწყეს მუსრვად თავისა ჴუვილისა და ჭამად.
ხოლო ფარისეველთა მათ რაჲ იხილეს, ჰრქუეს მას: აჰა, ესერა, მოწაფენი შენნი იქმან, რომელი არა ჯერ-არს შაფათსა შინა საქმედ.
ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: არა აღმოგიკითხავსა, რაჲ-იგი ყო დავით, ოდეს-იგი შეემშია, და მისთანათა მათ?
ვითარ-იგი შევიდა ტაძარსა ღმრთისასა და პურნი იგი შესაწირავთანი შეჭამნა, რომელთაჲ არა ჯერ-იყო ჭამად მისა, არცა მისთანათა მათ, გარნა მღდელთა ხოლო?
ანუ არა აღმოგიკითხავს შჯულსა, რამეთუ შაფათსა შინა მღდელთა ტაძარსა მას შინა შაფათი შეურაცხ-ყვიან და უბრალო არიან?
ხოლო მე გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: ტაძრისა უფროჲს არს აქა.
უკუეთუმცა გეცნა, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი, არცამცა შჯიდით უბრალოთა.
რამეთუ უფალ არს ძჱ კაცისაჲ შაფათისაცა.
და წარმოვიდა მიერ იესუ და მოვიდა შესაკრებელსა მათსა.
და იყო მუნ კაცი, რომელსა ჴელი განჴმელ ედგა. და ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: უკუეთუ ჯერ-არს შაფათსა კურნებაჲ? რაჲთამცა შეასმინეს იგი.
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ვინ არს თქუენგანი კაცი, რომელსა ედგას ცხოვარი ერთი, და შთავარდეს იგი შაფათსა შინა ჴნარცუსა, არამე უპყრას და აღადგინოს იგი?
აწ უკუე რაოდენმე უმჯობეს არს კაცი ცხოვრისა? აწ ჯერ-არს შაფათსა შინა კეთილისა საქმე.
მაშინ ჰრქუა კაცსა მას: განირათხ ჴელი შენი! და მან განირთხა, და განცოცხლდა, ვითარცა ერთი იგი.
ხოლო ფარისეველნი იგი გამოვიდეს და ზრახვა-ყვეს მისთჳს, რაჲთამცა წარწყმიდეს იგი. და იესუ, ვითარ გულისჴმა-ყო, წარვიდა მიერ.
და მისდევდეს მას ერნი მრავალნი, და განკურნნა იგი ყოველნი.
და შეჰრისხნა მათ, რაჲთა არა გამოაცხადონ იგი.
რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი, ესაია წინაწარმეტყუელისა თქუმული.
აჰა, ესერა, ძჱ ჩემი, რომელი გამოვირჩიე, რომელ სთნავს სულსა ჩემსა. დავდვა სული ჩემი მის ზედა და სამართალნი წარმართთა მიუთხრნენ.
არა უჴდებოდის, არცა ღაღადებდეს, არცა ესმეს ვის უბნებსა ჴმაჲ მისი.
ლერწამი დასხერილი არა შემუსროს, და პატრუკი აღნთებული არა დაშრტეს, ვიდრემდის გამოიღოს მძლედ სასჯელი.
და სახელსა მისსა წარმართნი ესვიდენ.
მაშინ მოართუეს მას ეშმაკეული ბრმაჲ და ყრუჲ, და განკურნა იგი, ვითარმედ ყრუჲ იგი და ბრმაჲ იტყოდესცა და ხედვიდესცა.
და დაუკჳრდებოდა ყოველსა მას ერსა და იტყოდეს: ნუმცა ესე არს ქრისტე, ძჱ იგი დავითისი?
ხოლო ფარისეველთა მათ ვითარ იხილეს, თქუეს: ესე არარაჲთ განჰჴდის ეშმაკთა მათ, გარნა ბელზებულითა, მთავრითა მით ეშმაკთაჲთა.
ვითარ ცნა იესუ ზრახვაჲ იგი მათი, ჰრქუა მათ: ყოველი სამეუფოჲ, გავთული თავსა ზედა მისსა, აღოჴრდის; და ყოველი ქალაქი ანუ სახლი, განყოფილი თავსა ზედა თჳსსა, ვერ დადგეს.
და თუ ეშმაკი ეშმაკსა განჰჴდის, თავსა ზედა თჳსსა გავთულ არს; ვითარმე უკუე ეგოს მეუფებაჲ იგი მისი?
უკუეთუ მე ბელზებულითა განვჰჴდი ეშმაკთა, ძენი თქუენნი რომლითა განასხმენ? ამისთჳს იგინი მსაჯულ თქუენდა იყვნენ.
უკუეთუ სულითა ღმრთისაჲთა განვჰჴდი მე ეშმაკთა, უკუე მოწევნულ არს თქუენ ზედა სასუფეველი იგი ღმრთისაჲ.
ანუ ვითარმე ვინ უძლის შესლვად სახლსა ძლიერისასა და ჭურჭრისა მისისა იავარის-ყოფაჲ, ვიდრე არა პირველად შეკრას ძლიერი იგი და მაშინღა სახლი იგი მისი იავარ-ყოს?
რომელი ჩემ თანა არა არს, იგი ჩემდა მტერ არს; და რომელი არა შეჰკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს.
ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ყოველივე ცოდვაჲ და გმობაჲ მიეტეოს კაცთა, ხოლო სულისათჳს გმობაჲ არა მიეტეოს.
და თუ ვინმე თქუას სიტყუაჲ ძისა კაცისაჲსათჳს, მიეტეოს მას; ხოლო რომელმან თქუას სულისა წმიდისათჳს, არა მიეტეოს მას არცა ამას საუკუნესა, არცა მერმესა.
ანუ ყავთ ხჱ იგი კეთილ და ნაყოფიცა იგი მისი კეთილ; ანუ ყავთ ხჱ იგი ჯერკუალ და ნაყოფი მისი ჯერკუალ; რამეთუ ნაყოფისაგან ხჱ საცნაურ იქმნის.
ნაშობნო იქედნეთანო, ვითარ უძლოთ კეთილისა სიტყუად? რამეთუ თქუენ უკეთურნი ხართ, რამეთუ ნამეტავისაგან გულისა პირი იტყჳს.
კეთილმან კაცმან კეთილისაგან საუნჯისა გამოიღის კეთილი, და ბოროტმან კაცმან ბოროტისაგან საუნჯისა გამოიღის ბოროტი.
ხოლო მე გეტყჳ თქუენ: ყოველი სიტყუაჲ ცუდი, რომელი თქჳან კაცთა, მისცენ მისთჳს სიტყუაჲ დღესა მას სასჯელისასა.
რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო.
მაშინ მიუგეს მას რომელთამე მწიგნობართაგანთა და ფარისეველთაგანთა და ჰრქუეს: მოძღუარ, გუნებავს შენგან სასწაულისა ხილვაჲ.
ხოლო მან მიუგო მათ და ჰრქუა: ნათესავი უკეთური და მომრუშე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იონაჲს წინაწარმეტყუელისაჲ.
რამეთუ ვითარცა იყო იონა მუცელსა მას ვეშაპისასა სამ დღე და სამ ღამე, ეგრე იყოს ძჱ კაცისაჲ გულსა შიდა ქუეყანისასა სამ დღე და სამ ღამე.
კაცნი ნინეველნი აღდგენ სასჯელსა მას ნათესავსა ამას თანა და დასაჯონ იგი, რამეთუ შეინანეს ქადაგებასა იონაჲსსა; და, აჰა, ესერა, უფროჲს იონაჲსა არს აქა.
დედოფალი იგი ბღუარისაჲ აღდგეს სასჯელსა მას ნათესავსა ამას თანა და დასაჯოს იგი, რამეთუ მოვიდა კიდით ქუეყანისაჲთ სმენად სიბრძნისა სოლომონისა; და, აჰა, უფროჲს სოლომონისა არს აქა.
ხოლო რაჟამს არაწმიდაჲ იგი სული გამოვიდეს კაცისაგან, განვიდეს იგი ურწყულთა ადგილთა, ეძიებნ განსასუენებელსა ადგილსა და არა პოის.
მაშინ თქჳს: მივიქცე სახიდ ჩემდა, ვინაჲთცა-იგი გამოვედ. და მოვიდის და პოვის იგი ცალიერი, მომართებული და განშუენებული და შემკული.
მაშინ წარვიდის და მოიყვანის მის თანა სხუანი სულნი შჳდნი, უბოროტესნი მისა, და მოვიდის და დაემკჳდრის მუნ. და იქმნის უკუანაჲსკნელი კაცისაჲ მის უძჳრეს პირველისა მის. ესრეთ ეყოს ნათესავსაცა ამას უკეთურსა.
და ვიდრე იგი ეტყოდაღა ერსა მას, აჰა, ესერა, დედაჲ მისი და ძმანი მისნი დგეს გარე და ეძიებდეს მას სიტყუად.
მაშინ ჰრქუა ვინმე მას: აჰა, დედაჲ შენი და ძმანი შენნი დგანან გარე და უნებს რაჲმე სიტყუად შენდა.
ხოლო იესუ მიუგო მეტყუელსა მას და ჰრქუა: ვინ არს დედაჲ ჩემი ანუ ვინ არიან ძმანი ჩემნი?
და მიყო ჴელი მისი მოწაფეთა თჳსთა და თქუა: აჰა, დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი!
რამეთუ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ, იგი არს ძმაჲ, დაჲ და დედაჲ.