და მოუწოდა ათორმეტთა მოწაფეთა თჳსთა და მისცა მათ ჴელმწიფებაჲ სულთა ზედა არაწმიდათა, რაჲთა განასხმიდენ მათ; და განჰკურნებდენ ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა.
ხოლო ათორმეტთაჲ მათ მოციქულთაჲ არს სახელები ესე: პირველად სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრია, ძმაჲ მისი, იაკობ ზებედესი და იოჰანე, ძმაჲ მისი,
ფილიპე* და ბართლომე, თომა და მათეოზ მეზუერე, იაკობ ალფესი და ლებეოს, რომელსა ეწოდა თადეოზ.
სიმონ კანანელი და იუდა სკარიოტელი, რომელმანცა განსცა იგი.
ესე ათორმეტნი წარავლინნა იესუ, ამცნო მათ და ჰრქუა: გზასა წარმართთასა ნუ ხუალთ და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ.
მივედით უფროჲს ხოლო ცხოვართა წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა.
და მი-რაჲ-ხჳდეთ, ქადაგებდით და იტყოდეთ, ვითარმედ: მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ
უძლურთა განჰკურნებდით, კეთროვანთა განსწმედდით, ემშმაკთა განასხემდით; უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდცა მისცემდით.
ნუ მოიგებთ ოქროსა, ნუცა ვეცხლსა, ნუცა პილენძსა სარტყელთა თქუენთა,
ნუცა გუდაჲ გზასა, ნუცა ორი კუართი, ნუცა ჴამლნი, ნუცა არგანი, რამეთუ ღირს არს მოქმედი საზრდელისა თჳსისა.
რომელსა ქალაქსა შეხჳდეთ ანუ დაბასა, გამოიკითხეთ, რომელი მას შინა ღირს იყოს, და მუნ დაიყოვნეთ ვიდრე გამოსლვამდე.
ხოლო რაჟამს შეხჳდოდით სახლსა, მოიკითხეთ იგი და თქუთ: მშჳდობაჲ სახლსა ამას!
და თუ ღირს იყოს სახლი იგი, მოვედინ მშჳდობაჲ იგი თქუენი მას ზედა; უკუეთუ არა ღირს იყოს, მშჳდობაჲ იგი თქუენი თქუენდავე მოიქეცინ.
ხოლო რომელმან არა შეგიწყნარნეს თქუენ და არცა ისმინნეს სიტყუათა თქუენთაჲ, რაჟამს გამოხჳდოდით მიერ სახლით, ანუ ქალაქით, დაიყარეთ მტუერი ფერჴთაგან თქუენთა.
მართლიად გეტყჳ თქუენ: ულხინულეს იყოს ქუეყანაჲ სოდომისაჲ და გომორისაჲ დღესა საშჯელისასა, ვიდრე ქალაქი იგი.
აჰა, ესერა, მე მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა. იყვენით თქუენ მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი.
ხ̃ ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცნენ თქუენ კრებულებსა, და შოვრის ურაკპარაკთა მათთა გგუემდენ თქუენ.
და წინაშე მსაჯულთა და მეუფეთა წარგადგინნენ თქუენ ჩემთჳს, საწამებელად მათა და წარმართთა.
ხოლო რაჟამს მიგცემდენ თქუენ, ნუ ზრუნავთ, ვითარმე, ანუ რასამე იტყოდით, რამეთუ მიგცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რაჲ სთქუათ.
რამეთუ არა თქუენ ხართ, რომელნი იტყოდით, არამედ სული იგი მამისა თქუენისაჲ, რომელი იტყოდის თქუენ თანა.
რამეთუ მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდიდ, და მამამან შვილი; და აღდგენ შვილნი დედა-მამათა ზედა თჳსთა და მოკლნენ იგინი.
და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოელთაგან სახელისა ჩემისათჳს. ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.
ხოლო რაჟამს გდევნიდენ თქუენ ქალაქსა ამას შინა, მიივლტოდეთ სხუად. უკუეთუ მიერცა გდევნიდენ თქუენ, წარივლტოდეთ მიერ მერმესა. მართლიად გეტყჳ თქუენ: ვერ დაასრულოთ ქალაქები ისრაჱლისაჲ მოსლვადმდე ძისა კაცისაჲსა.
არა არს მოწაფჱ უფროჲს მოძღურისა თჳსისა, არცაღა მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა.
კმა არს მოწაფისა, იყოს თუ ვითარცა მოძღუარი თჳსი, და მონაჲ იგი, ვითარცა უფალი თჳსი. სადა მამასახლისსა ბერზებულით ხადოდეს, რაოდენ უფროჲს სახლეულთა მათ მისთა?
ნუ გეშინინ მათგან, რამეთუ არა არს დაფარულ, რომელ არა განცხადნეს, არცა საიდუმლოჲ, რომელი არა გამოჩნდეს.
რომელსა გეტყჳ თქუენ ბნელსა შინა, თქუთ ნათელსა, და რომელ ყურთა გესმეს, ქადაგებდით მას ერდოებსა ზედა.
და ნუ გეშინინ მათგან, რომელნი-იგი მოსწყუედდენ ჴორცთა თქუენთა, ხოლო სულთა თქუენთა ვერშემძლებელ იყვნენ მოწყუედად. არამედ გეშინოდენ მისა უფროჲს, რომელსა ჴელ-ეწიფების სულთა ჴორცითურთ წარწყმედად გეჰენიასა შიდა.
არა ორი სირი ერთის დანგის განიყიდის? და ერთიცა მათგანი არა დავარდის ქუეყანასა ზედა თჳნიერ მამისა თქუენისა.
ხოლო თქუენნი თავისა თმანიცა ყოველნი აღრაცხილ არიან.
ნუუკუე გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ თქუენ.
ყოველმან რომელმან აღმიაროს მე წინაშე კაცთა, აღვიარო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა, რომელ არს ცათა შინა.
ხოლო რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-ვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა, რომელ არს ცათა შინა.
ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშჳდობისა ქუეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად მშჳდობისა, არამედ მახჳლისა.
რამეთუ მოსრულ ვარ განყოფად კაცისა მამისა თჳსისაგან და ასულისა -- დედისა თჳსისაგან და ძისცოლისა -- დედამთილისაგან.
და იყვნენ მტერ კაცისა სახლეულნი თჳსნი.
რომელსა უყუარდეს მამაჲ თჳსი გინა თუ დედაჲ თჳსი ჩემსა უფროჲს, იგი არა არს ჩემდა ღირს; და რომელსა უყუარდეს ძჱ თჳსი გინა თუ ასული თჳსი ჩემსა უფროჲს, იგი არა არს ჩემდა ღირს.
და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და არა შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს.
რომელმან პოოს თავი თჳსი, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს თავი თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი.
* რომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შემიწყნარა; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი.
რომელმან შეიწყნაროს წინაწარმეტყუელი სახელად წინაწარმეტყუელისა, სასყიდელი წინაჲსწარმეტყუელისაჲ მოიღოს; და რომელმან შეიწყნაროს მართალი სახელად მართლისა, სასყიდელი მართლისაჲ მოიღოს.
და რომელმან ასუას ერთსა მცირეთაგანსა სასუმელ ერთ წყალი გრილი სახელად მოწაფისა, მართლიად გეტყჳ თქუენ, არავე წარუწყმდეს სასყიდელი მისი.