

და ესე სამართალები არს, რომელი წინადაუდვა მათ:


უკუეთუ მოიგოთ მონა ებრაელი, ექუს წელ გემონებოდეს შენ და მეშჳდესა წელსა გამოვიდეს შენგან თავისუფალი.


უკუეთუ იგი ხოლო შევიდა მარტო, მარტოცა განვიდეს. უკუეთუ ცოლი მის თანა შევიდეს, განვიდეს ცოლიცა იგი მის თანა.


უკუეთუ უფალმან სცეს ცოლი და უშვეს მას ძეებ და ასულებ, ცოლი იგი და ყრმანი იყვნედ უფლისა თჳსისა, იგიმარტო განვიდეს.


უკუეთუ თქუას მონამან მან, ვითარმედ მიყუარს მე უფალი ჩემი და ცოლი ჩემი და ყრმანი, არა განვიდე თავისუფლად,


მოიყვანოს იგი უფალმან მან თჳსმან წინაშე საშჯელსა ღმრთისასა და მაშინ წარიყვანოს და მიიყვანოს იგი წირთხლსა კარისასა და განუჴურიტოს უფალმან მან მისმან სადგისითა ყური მისი და ჰმონებდეს იგი უკუნისამდე.


უკუეთუ ვინმე მისცეს ასული თჳსი მონასა, არა განვიდეს იგი, ვითარცა-იგი განვიდიან მჴევალნი.


უკუეთუ არა სათნო-ეყოს უფალსა მას თჳსსა, რომელ-იგი მან აღუთქუა მას, გამოიჴსნეს იგი, ხოლო ნათესავსა უცხოსა ვერ ჴელ-ეწიფების მისყიდვად მისა, ვითარმცა შეურაცხ-ყო იგი.


უკუეთუ ძესა აღუთქუას იგი, მსგავსად სამართლისა მის ასულთასა უყოს მას.


უკუეთუ სხუა მოიყვანოს თავისა თჳსისა, საზრდელი და სამოსელი და რა-იგი აღუთქუას, არა დააკლოს მას.


უკუეთუ ესე სამივე არა უყოს მას, განვიდეს თავისუფლად თჳნიერ ვეცხლისა.


უკუეთუ ვინმე სცეს ვის და მოკუდეს, სიკუდილით მოკუედინ.


უკუეთუ არა ნებით, არამედ უფალმან მისცა იგი ჴელთა მისთა, გცე შენ ადგილი, ვიდრე მიივლტოდის მუნ კაცის მკლველი იგი.


უკუეთუ ვინმე უმზიროს მოყუასსა თჳსსა ზაკუვით და მიივლტოდის იგი მუნ საკურთხეველისა ჩემისაგან, გარდამოიყვანეთ იგი და მოკალთ.


რომელმან სცეს მამასა ანუ დედასა თჳსსა, სიკუდილით მოკუედინ.


რომელმან ბოროტი თქუას მამისა თჳსისათჳს, გინა დედისა თჳსისათჳს, სიკუდილით მოკუედინ.


უკუეთუ ვინმე იპაროს ყრმა ძეთაგან ისრაელისათა და ჰმძლავროს და განყიდოს იგი და იპოოს მის თანა, სიკუდილით მოკუედინ.


უკუეთუ ილალვიდენ ორნი კაცნი და სცეს მოყუასმან მოყუასსა მძიღითა ანუ ქვითა და არა მოკუდეს, არამედ დაწოლით დაწვეს საწოლსა ზედა,


აღდგეს და განვიდეს კუერთხითა კაცი იგი, უბრალო იყოს, რომელმან სცა მას, გარნა უქმებისა მისისათჳს მისცეს მას სამკურნალოჲ.


უკუეთუ ვინმე სცეს მონასა თჳსსა, მჴევალსა თჳსსა კუერთხითა და მოკუდეს ჴელთა შინა მისთა, შურისგებით შური იძიენ მისგან.


უკუეთუ ცხომდეს-ღა ერთ დღე, ანუ ორ დღე, არა შური იძიოს, რამეთუ ვეცხლისა მისისა არს.


უკუეთუ იბრძოდიან ორნი კაცნი და სცენ დედაკაცსა მიდგომილსა და მოუგდონ ყრმა მისი არღა გამოხატული, ზღვევით იზღვიოს. რაცა-იგი დასდვას ქმარმან დედაკაცისამან, მისცეს მას ვედრობით.


უკუეთუ გამოხატული იყოს, მისცეს სული სულისა წილ,


თუალი თუალისა წილ, კბილი კბილისა წილ, ჴელი ჴელისა წილ, ფერჴი ფერჴისა წილ.


დაწვა დაწვისა წილ, წყლულება წყლულებისა წილ, და გუემულობა გუემულებისა წილ.


უკუეთუ ვინმე სცეს თუალსა მონისა თჳსისასა ანუთუ თუალსა მჴევლისა თჳსისასა და წარმოუგდოს მას, თავისუფლად განუტევენინ იგი თუალისა მათისა წილ.


უკუეთუ ვინმე კბილი მონისა თჳსისა ანუ კბილი მჴევლისა თჳსისა სცეს და აღმოჰჴუარდოს, თავისუფლად განუტევენინ იგინი კბილისა მათისა წილ.


უკუეთუ ურქინოს კურომან მამაკაცსა ანუ დედაკაცსა და მოკუდეს, ქვითა განიტჳნოს კუროჲ იგი და ჴორცი მისი არა იჭამოს, ხოლო უფალი მისი უბრალო იყოს.


უკუეთუ მორქინალ იყოს კურო იგი გუშინდითგან და ძუღუანდითგან და იწამონ უფალი იგი მისი და არა აღიაროს და მოკლას მან მამაკაცი ანუ დედაკაცი, კურო იგი ქვითა განიტჳნოს და უფალი იგი მისი მის თანა მოკუდეს.


უკუეთუ საჴსარი დასდვან მას, მისცეს მან საჴსარი იგი, რაცა დასდვან მას სულისა მის წილ, რომელცა-იგი მოკლა.


უკუეთუ ძესა ანუ ასულსა ურქინოს, მსგავსად ამისვე სამართალისა უყონ მას.


უკუეთუ მონასა ანუ მჴევალსა ურქინოს კურომან, ვეცხლი ოცდაათი სატირი მისცეს უფალსა მათსა და კურო იგი ქვითა განიტჳნოს.


უკუეთუ მოაღოს ჯურღმულსა ანუ აღმოჰკუეთდეს ჯურღმულსა და არა დაარქუას მას და შთავარდეს მას შინა ზროხაჲ ანუ ვირი,


უფალმან მის ჯურღმულისამან მისცეს ვეცხლი უფალსა მას მისსა, ხოლო მკუდარი იგი მისი იყოს.


უკუეთუ ვისმანმე ურქინოს კურომან კუროსა მოყუსისა თჳსისასა და მოკლას, განყიდოს კურო იგი ცოცხალი და განიყონ ვეცხლი მისი და ეგრევე კურო იგი მკუდარი განიყონ.


უკუეთუ იცოდიან, კურო იგი ვითარმედ მორქინალი იყო ძუღანდითგან და უწამეს უფალსა მისსა და არა მოსპოს კურო იგი, მისცეს კუროსა წილ კურო, ხოლო მოკლული იგი მისი იყოს.