და იყო, რაჟამს დაასრულნა იესო ყოველნი ესე სიტყუანი, ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა:
უწყითა, რამეთუ შემდგომად ორისა დღისა ვნება იყოს, და ძე კაცისა მიეცეს ჯუარცმად?
მაშინ შეკრბეს მღდელთმოძღუარნი იგი და მწიგნობრნი და მოხუცებულნი ერისანი ეზოსა მას კაიაფა მღდელთმოძღუარისასა.
და ზრახვა-ყვეს, რაჲთა იესო ზაკვით შეიპყრან და მოკლან.
ხოლო იტყოდეს: ნუ დღესასწაულსა ამას, რაჲთა არა შფოთი იქმნეს ერსა შორის.
ხოლო იესო იყო რა ბეთანიას, სახლსა სიმონ კეთროვანისასა,
მოუჴდა დედაკაცი, რომელსა აქუნდა ალაბასტრი ნელსაცხებლისა მრავალსასყიდლისა, და დაასხა თავსა მისსა ინაჴითმჯდომარესა.
ხოლო იხილეს რა მოწაფეთა, განრისხნეს და იტყოდეს: რასათჳს იყო წარწყმედა ნელსაცხებლისა ამის?
რამეთუ შესაძლებელ იყო ესე განსყიდად დიდძალის და მიცემად გლახაკთა.
ხოლო იესო გულისხმა-ყო და ჰრქუა მათ: რასა შრომასა შეამთხუევთ დედაკაცსა მაგას? რამეთუ საქმე კეთილი ქმნა ჩემდა მომართ.
რამეთუ გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ.
რამეთუ დამასხა მაგან ნელსაცხებელი ესე ჴორცთა ჩემთა, და დასაფლველად ჩემდამო ყო.
ამინ გეტყჳ თქუენ: სადაცა იქადაგოს სახარება ესე ყოველსა სოფელსა, ითქუმოდის, რომელიცა-ესე ყო მაგან საჴსენებელად მაგისა.
მაშინ წარვიდა ერთი იგი ათორმეტთაგანი, რომელსა ერქუა იუდა ისკარიოტელი, მღდელთმოძღუართა მათ
და ჰრქუა: რა გნებავს მოცემად ჩემდა, და მე მიგცე იგი? ხოლო მათ მიუწონეს მას ოცდახუთი ვეცხლი.
და მიერითგან ეძიებდა ჟამსა მარჯუესა, რაჲთა მისცეს იგი მათ.
ხოლო პირველსა მას დღესა უცომოებისასა მოუჴდეს იგინი იესოს და ჰრქუეს მას: სადა გნებავს, და მოგიმზადოთ შენ ჭამად პასქა ესე?
ხოლო იესო ჰრქუა მათ: წარვედით ქალაქად კაცისა ვისამე და არქუთ მას: მოძღუარი ეგრეთ იტყჳს: ჟამი ჩემი ახლოს არს, შენ თანა ვყო პასქა ესე მოწაფითურთ ჩემით.
და ყვეს ეგრეთ მოწაფეთა, ვითარცა უბრძანა მათ იესო, და მოუმზადეს პასქა იგი.
და ვითარცა შემწხრდა, ინაჴით-ჯდა იესუ ათორმეტთა მათ თანა.
და ვითარცა ჭამდეს იგინი, ჰრქუა იესო: ამინ გეტყჳ თქუენ: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე.
და იგინი შეწუხნეს ფრიდ; და იწყეს კაცად-კაცადმან მათმან სიტყუად: ნუუკუე მე ვარ, უფალთ?
ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქვა მათ: რომელმან შთამოყოს ჩემ თანა ჴელი პინაკსა ამას, ამან მიმცეს მე.
ძე სამე კაცისა წარვალს, ვითარცა წერილ არს მისთჳს, ხოლო ვაჲ კაცისა მის, რომლისა მიერ ძე კაცისა მიეცეს. უმჯობეს იყო მისა, არა თუმცა შობილ იყო კაცი იგი.
მიუგო იუდა, რომელმანცა მისცა იგი, და თქუა: ნუუკუე მე ვარ, მოძღუარ? ჰრქუა მას იესო: შენ სთქუ.
და ვითარცა ჭამდეს იგინი, მოიღო იესო პური, და ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: მიიღეთ და ჭამეთ, ესე არს ჴორცი ჩემი.
და მოიღო სასუმელი და ჰმადლობდა, და მისცა მათ და თქუა: სუთ ამისგან ყოველთა!
ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა, მრავალთათჳს დათხეული მისატევებელად ცოდვათა.
ხოლო გეტყჳ თქუენ: ვითარმედ არღარა ვსუა მე ამიერითგან ნაყოფისაგან ამის ვენაჴისა ვიდრე მუნ დღედმდე, რაჟამს-იგი ვსუა თქუენ თანა ახალი სასუფეველსა მამისა ჩემისასა.
და გალობა წართქუეს და განვიდეს მთასა მას ზეთისხილთასა.
მაშინ ჰრქუა მათ იესო: თქუენ, ყოველნი, დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ ამას ღამესა, რამეთუ წერილ არს: დავსცე მწყემსი, და განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოსა მისისანი.
ხოლო შემდგომად აღდგომისა ჩემისა წინაწარგიძღუე თქუენ გალილეას.
მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: დაღათუ ყოველნი დაჰბრკოლდენ შენდა მომართ, ხოლო მე არასადა დავბრკოლდე.
ჰრქუა მას იესო: ამინ გეტყჳ შენ, რამეთუ ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე, სამგზის უვარ-მყო მე.
ჰრქუა მას პეტრე: დაღაცათუ ჯერ-იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არასადა უვარ-გყო შენ. -- და ეგრეთვე მსგავსად ყოველნი მოწაფენი ეტყოდეს.
მაშინ მოვიდა იესო მათ თანა ადგილსა, რომელსა ჰრქჳან გეთსამანია, და ჰრქუა მათ: დასხედით მანდა, ვიდრემდე მივიდე იქი და ვილოცო.
და წარიყვანნა პეტრე და ორნი ძენი ზებედესნი და იწყო მწუხარებად და ურვად.
მაშინ ჰრქუა მათ იესო: შეწუხებულ არს სული ჩემი ვიდრე სიკუდილადმდე; დაადგერით იქა და იღჳძებდით ჩემ თანა!
და წარვიდა მცირედ და დავარდა პირსა ზედა თჳსსა, ილოცვიდა და იტყოდა: მამაო ჩემო, უკეთუ შესაძლებელ არს, თანაწარმჴედინ ჩემგან სასუმელი ესე; ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ.
და მოვიდა მოწაფეთა თანა და პოვნა იგინი მძინარენი და ჰრქუა პეტრეს: ესოდენ ვერ უძლეთ ჟამ ერთ მღჳძარებად ჩემ თანა?
იღჳძებდით და ილოცევდით, რაჲთა არა შეხჳდეთ განსაცდელსა; სული გულსმოდგინე არს, ხოლო ჴორცნი -- უძლურ.
კუალად მეორედ წარვიდა და ილოცვიდა და თქუა: მამაო ჩემო, უკუეთუ ვერშესაძლებელ არს, სასუმელი ესე თანაწარსლვად ჩემდა, რაჲთამცა არა შევსჳ იგი, იყავნ ნება შენი.
და მოვიდა და კუალად პოვნა იგინი მძინარენი, რამეთუ იყუნეს თუალნი მათნი დამძიმებულ.
და დაუტევნა იგინი და კუალად წარვიდა მესამედ და ილოცა და მასვე სიტყუასა იტყოდა.
მაშინ მოვიდა მოწაფეთა და ჰრქუა მათ: დაიძინეთ ამიერითგან და განისუენეთ. აჰა, ესერა, მოახლებულ არს ჟამი, და ძე კაცისა მიეცემის ჴელთა ცოდვილთასა.
აღდეგით, წარვედით ამიერ. აჰა, ესერა, მოიწია მიმცემელი ჩემი.
და ვიდრე იგი იტყოდაღა, აჰა, ესერა, იუდა, ერთი იგი ათორმეტთაგანი, მოვიდა, და მის თანა ერი მრავალი მახჳლებითა და წათებითა მღდელთმოძღუართაგან და მოხუცებულთა ერისათა.
ხოლო მიმცემელსა მას მისსა მიეცა სასწაულად და ჰრქუა: რომელსა მე ამბორს-უყო, იგი არს, შეიპყართ იგი.
და მეყსეულად მოუჴდა იესოს და ჰრქუა: გიხაროდენ, მოძღუარ! -- და ამბორს-უყო მას.
ხოლო იესო ჰრქუა მას: მოყვასო, რომლისათჳსცა მოსრულ ხარ? -- მაშინ მოუჴდეს და დაასხნეს ჴელნი მათნი იესოს ზედა და შეიპყრეს იგი.
და, აჰა, ერთმან იესოსთანამან მიყო ჴელი და იჴადა მახჳლი და სცა მონასა მღდელთმოძღვრისასა და წარკუეთა ყური მისი.
მაშინ ჰრქუა მას იესო: მიაქციე მახჳლი ადგილსავე თჳსსა! რამეთუ ყოველთა რომელთა აღიღონ მახჳლი, მახჳლითა წარწყმდენ.
ანუ ჰგონებ, ვითარმედ ვერ ძალ-მიც ვედრებად მამისა ჩემისა, და წარმომიდგინოს მე აწ აქა უმრავლესი ათორმეტთა გუნდთა ანგელოზთა?
და ვითარმე აღესრულნენ წერილნი, რამეთუ ესრეთ ჯერ-არს ყოფად?
მას ჟამსა ჰრქუა იესო ერსა მას: ვითარცა ავაზაკსა ზედა გამოხუედით მახჳლითა და წათებითა შეპყრობად ჩემდა; დღითი დღე თქუენ თანა ტაძარსა მას შინა ვჯედ და განსწავებდ, და არა შემიპყართ მე.
ხოლო ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულნენ წიგნნი წინაწარმეტყუელთანი. მაშინ მოწაფეთა ყოველთა დაუტევეს იგი და ივლტოდეს.
ხოლო მათ შეიპყრეს იესო და მიიყვანეს კაიაფასა მღდელთმოძღურისა, სადა-იგი მწიგნობარნი და მოხუცებულნი ერისანი შეკრებულ იყვნეს.
ხოლო პეტრე მისდევდა მას შორით ვიდრე ეზოდმდე მღდელთმოძღურისა, და შევიდა შინა და დაჯდა მსახურთა თანა ხილვად აღსასრულისა.
ხოლო მღდელთმოძღუარნი იგი და მოხუცებულნი და ყოველი კრებული ეძიებდეს ცრუმოწმეთა იესოსთჳს, რაჲთამცა მოკლეს იგი,
და არა ჰპოებდეს, და მრავალნი მოსრულ იყვნეს ცრუმოწმენი. და არა პოვნეს. ხოლო უკანასკნელ მო-ვინმე-ვიდეს ორნი
და თქუეს, ვითარმედ: ამან ესრეთ თქუა: ძალ-მიც დარღუევად ტაძარი ესე ღმრთისაჲ და მესამესა დღესა აღშენებად.
მაშინ აღდგა მღდელთმოძღუარი იგი და ჰრქუა მას: არარას მიუგება, რასა-ესე შეგწამებენ შენ?
ხოლო იესუ დუმნა. მაშინ მღდლთმოძღუარმან მან ჰრქუა მას: გაფუცებ შენ ღმრთისა ცხოველისა, რაჲთა მითხრა ჩუენ, უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისაჲ?
ჰრქუა მას იესო: შენ სთქუ. ხოლო გეტყჳ თქუენ: ამიერითგან იხილოთ ძე კაცისა მჯდომარე მარჯუენით ძლიერებასა და მომავალი ღრუბელთა თანა ცისათა.
მაშინ მღდელთმოძღუარმან მან დაიპო სამოსელი თჳსი და თქუა, ვითარმედ: გმო აწ უკუე, რასაღა გჳჴმან მოწამენი? აჰა, ესერა, გესმა გმობა მაგისი!
რაჲ გნებავს თქუენ? ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს: თანამდებ არს სიკუდილისა.
მაშინ ჰნერწყჳდეს პირსა მისსა და ჴურთითა სცემდეს თავსა მისსა, და რომელნიმე ყურიმალსა სცემდეს
და ეტყოდეს: გჳწინაწარმეტყუელებდ ჩუენ ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ?
ხოლო პეტრე ჯდა გარეშე ეზოსა შინა. მოუჴდა მას ერთი მჴევალი და ჰრქუა მას: და შენცა იყავ იესოს თანა, გალილეველისა.
ხოლო მან უვარ-ყო წინაშე ყოველთასა და ჰრქუა: არა ვიცი, რასა იტყჳ.
და ვითარცა გამოვიდა იგი გარეშე ბჭეთა, იხილა იგი სხუამან და ჰრქუა მუნ მდგომარეთა მათ: ესეცა იყო იესოს თანა, ნაზარეველისა.
და მერმეცა უვარ-ყო პეტრე ფიცითა და თქუა, ვითარმედ: არა ვიცი კაცი იგი.
და შემდგომად მცირედისა მოუჴდეს მუნ მდგომარენი იგი პეტრეს და ჰრქუეს მას: ჭეშმარიტად შენცა მათგანი ხარ, და რამეთუ სიტყუაცა შენი გამოგაჩინებს შენ.
მაშინ იწყო შეჩუენებად და ფიცად, ვითარმედ: არა ვიცი კაცი იგი. და მეყსეულად ქათამმან იყივლა.
და მოეჴსენა პეტრეს სიტყუა იგი იესოსი, რომელი ჰრქუა მას, ვითარმედ: ვიდრე ქათმის ჴმობადმდე სამგზის უვარ-მყო მე. და გამოვიდა გარე და ტიროდა მწარედ.