და გამოვიდა იესო ტაძრისა მისგან და წარვიდოდა. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი, და უჩუენებდეს შენებულსა მას ტაძრისასა.
ხოლო იესო ჰრქუა მათ: არა ჰხედავთა ამას ყოველსა? ამინ გეტყჳ თქუენ: არა დაშთეს აქა ქვა ქვასა ზედა, რომელი არა დაირღუეს.
და ვითარცა დაჯდა იგი მთასა მას ზეთისხილთასა, მოუჴდეს მას მოწაფენი თჳსაგან და ეტყოდეს: მითხარ ჩუენ, ოდეს იყოს ესე და რა არს სასწაული იგი შენისა მის მოსლვისა და აღსასრული ამის სოფლისა?
მიუგო იესო და ჰრქუა მათ: ეკრძალენით, ნუ ვინმე გაცთუნნეს თქუენ,
რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ ქრისტე, -- და მრავალთა აცთუნებდენ.
და გესმოდიან ბრძოლანი და ჰამბავნი ბრძოლათანი, იხილეთ და ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე ყოველი ყოფად, არამედ არღა არს აღსასრული.
რამეთუ აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა, და მეუფება მეუფებასა ზედა, და იყვნენ სიყმილნი და სრვანი და ძრვანი ადგილად-ადგილად.
ხოლო ესე ყოველი დასაბამი სალმობათა არს.
მაშინ მიგცნენ თქუენ ჭირსა და მოგწყჳდნენ თქუენ, და იყვნეთ თქუენ მოძუებულ ყოველთაგან წარმართთა სახელისა ჩემისათჳს.
და მაშინ დაბრკოლდებოდიან მრავალნი და ურთიერთას შინაგანსცემდენ და სძულობდენ ურთიერთას.
და მრავალნი ცრუწინაწარმეტყუელნი აღდგენ და აცთუნებდენ მრავალთა.
და განმრავლებითა უშჯულოებისათა განჴმეს სიყვარული მრავალთა.
ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს.
და იქადაგოს სახარება ესე სასუფეველისა ყოველსა სოფელსა საწამებელად ყოველთა წარმართთა და მაშინ მოიწიოს აღსასრული.
რაჟამს იხილოთ საძაგელი იგი მოოჴრებისა, თქმული დანიელ წინაწარმეტყუელისა მიერ, მდგომარე ადგილსა წმიდასა, რომელი აღმოიკითხვიდეს, გულისხმა-ყავნ.
მაშინ რომელნი ჰურიასტანს იყვნენ, ივლტოდედ მთად.
და რომელი ერდოსა ზედა იყოს, ნუ გარდამოვალნ აღებად რაჲსამე სახლისაგან თჳსისა.
და რომელი ველსა გარე იყოს, ნუ უკუნიქცევინ აღებად სამოსლისა თჳსისა.
ხოლო ვაჲ მიდგომილთა და რომელნი აწოებდენ მათ დღეთა შინა!
არამედ ილოცევდით, რაჲთა არა იყოს სივლტოლა თქუენი ზამთარსა შინა, გინა შაბათთა.
რამეთუ იყოს მაშინ ჭირი დიდი, რომელი არა იყოს დასაბამითგან სოფლისათა, ვიდრე აქამდე, არცაღა ყოფად არს.
და უკუეთუმცა არა შემოკლდეს დღენი იგი, არამცა განერა ყოეელი ჴორციელი, ხოლო რჩეულთა მათთჳს შემოკლდენ დღენი იგი.
მაშინ უკუეთუ ვინმე გრქუას თქვენ: აჰა, აქა არს ქრისტე, -- გინა თუ: იქი, -- ნუ გრწამნ.
რამეთუ აღდგენ ქრისემტყუარნი და ცრუწინაწარმეტყუელნი და ჰყოფდენ სასწაულებსა დიდ-დიდსა და ნიშებსა, ვიდრე ცთუნებადმდე, უკეთუმცა ვერ შეუძლეს, რჩეულთა მათცა.
აჰა, ესერა, წინაჲსწარ გარქუ თქუენ.
უკეთუ გრქუან თქუენ: აჰა, უდაბნოსა არს, -- ნუ განხუალთ; -- აჰა, ესერა, საუნჯეთა შინა არს, -- ნუ გრწამნ.
რამეთუ ვითარცა ელვა რაჲ გამობრწყინდის მზისა აღმოსავალით და ჩანნ ვიდრე დასავალადმდე, ეგრეთ იყოს მოსლვა ძისა კაცისა.
რამეთუ სადაცა იყოს მძორი, მუნცა შეკრბეს ორბები.
ხოლო მეყსეულად შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთასა მზე დაბნელდეს, და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თჳსი, და ვარსკულავნი დამოცჳვენ ზეცით, და ძალნი ცათანი შეიძრნენ.
და მაშინ გამოჩნდეს სასწაული ძისა კაცისა ცათა შინა, და მაშინ იტყებდენ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი და იხილონ ძე კაცისა, მომავალი ღრუბელთა ზედა ცისათა, ძალითა ღა დიდებითა მრავლითა.
და წარავლინნეს ანგელოზნი თჳსნი საყჳრითა ჴმითა დიდისათა და შეკრიბნეს რჩეულნი მისნი ოთხთაგან ქართა კიდითგან ცათა ვიდრე კიდედმდე მათა.
ხოლო ლეღჳსაგან ისწავეთ იგავი: ვითარცა-იგი რაჟამს რტონი მისნი დაჩჩჳან და ფურცელი გამოვალნ, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს ზაფხული.
ეგრეცა თქუენ ოდეს იხილოთ ესე ყოველი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს, კართა ზედა.
ამინ გეტყჳ თქუენ: არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იქმნეს.
ცანი და ქუეყანა წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არა წარჴდენ.
ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან ჩემმან მხოლომან.
ვითარცა-იგი დღეთა მათ ნოვესთა, ეგრეთ იყოს მოსლვა ძისა კაცისა.
რამეთუ ვითარცა-იგი იყვნეს დღეთა მათ შინა პირველ წყლით-რღუნისა: ჭამდეს და სუმიდეს, იქორწინებდეს და განჰქორწინებდეს მუნ დღედმდე, ვიდრე შევიდა ნოვე კიდობნად.
და ვერ ცნეს, ვიდრემდე მოიწია წყლით-რღუნა იგი და წარიღო ყოველი. ესრეთ იყოს მოსლვაცა ძისა კაცისა.
მაშინ ორნი იყვნენ ველსა გარე: ერთი წარიყვანოს, და ერთი დაეტეოს.
ორნი ფქვიდენ ფქვილსა: ერთი წარიტაცოს, და ერთი დაეტეოს.
იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით, რომელსა ჟამსა უფალი თქუენი მოვიდეს.
ხოლო ესემცა იცით: უკუეთუმცა უწყოდა სახლისა უფალმან, რომელსა საჴუმილავსა მპარავი მოსლვად არს, იღჳძებდამცა და არა უტევა დათხრად სახლისა თჳსისა.
ამისთჳს თქუენცა იყვენით განმზადებულ, რამეთუ რომელსა ჟამსა არა ჰგონებდეთ, ძე კაცისა მოვიდეს.
ვინმე არს სარწმუნო იგი მონა და ბრძენი, რომელი დაადგინოს უფალმან თჳსმან მონათა თჳსთა ზედა მიცემად საზრდელი მათი ჟამსა თჳსსა.
ხოლო ნეტარ არს მონისა მის, რომლისა მოვიდეს უფალი მისი და პოოს იგი ესრეთ მოქმედი.
ამინ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ ყოველთა ზედა მონაგებთა მისთა დაადგინოს იგი.
ხოლო უკეთუ თქუას ბოროტმან მან მონამან გულსა თჳსსა: ჰყოვნის უფალი ჩემი მოსლვად,
და იწყოს გუემად მისთანათა მათ მონათა, და ჭამდეს და სუმიდეს მომთრვალეთა თანა,
მოვიდეს უფალი იგი მონისა მის დღესა, რომელსა არა მოელოდის, და ჟამსა, რომელი არა უწყოდის.
და ორგან განკუეთოს იგი და ნაწილი მისი დადვას ორგულთა თანა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენა კბილთა.