შემდგომად ხუთისა დღისა შთავიდა მღდელთმოძღუარი ანანია ხუცესთა ვიეთმე თანა და ტერტჳლოს ჯადაგოჲს ვისთანამე, რომელთა აუწყეს მთავარსა მას.
და ვითარცა მოუწოდეს მას, იწყო ტერტჳლოს შესმენად მისა და თქუა: "მრავალსა მშჳდობასა შინა ვართ შენ ძლით და განგებულებასა, რომელ იქნების ნათესავსა მას შინა შენითა განზრახვითა,
სადავე და ყოველთა ადგილთა შეუწყნარებთ, მჴნეო ფელიქს, ყოვლითა მადლობითა.
გლოცავ, რაჲთა არა უფროჲს დაგაშრო შენ, ისმინე ჩუენი ადრე შენითა სახიერებითა.
რამეთუ ვპოვეთ კაცი ესე ბილწი და რომელი ჰყოფდა შფოთსა ყოველთა შორის ჰურიათა, რომელნი არიან ყოველსა სოფელსა, წინამძღუარი გალილეველთა წვალებისაჲ,
რომელმან ბაგინსაცა აზმნა შეგინებად, რომელი შე-ცა-ვიპყართ,
რომლისა შემძლებელ ხარ შენ განკითხვად ყოვლისა ამის ცნობად, რომლისათჳს ჩუენ შეგასმენთ მაგას".
ეწამებოდეს მას სხუანიცა ჰურიანი და იტყოდეს, ვითარმედ ეგრე არს.
მიუგო პავლე წამის-ყოფითა მით მთავრისაჲთა და თქუა: "მრავლით წლითგან გიცოდე შენ მსაჯულად ნათესავისა ამის, გულსმოდგინედ თავისა ჩემისა სიტყუაჲ მიუგო.
რომლისა შემძლებელ ხარ შენ გულისხმის-ყოფად, რამეთუ არა უმრავლჱს არს ჩემი ათორმეტისა დღისა, ვინაჲთგან აღვედ მე თაყუანის-ცემად იერუსალჱმდ.
და არცა ბაგინსა შინა მპოვეს მე, ვითარმცა ვეტყოდე ვისმე გინათუ ერის კრებას ვჰყოფდ, არცა შესაკრებელთა შორის და არცა ქალაქსა შინა.
არცა აჩინონ შენ წინაშე, რომლისათჳს აწ შემასმენენ მე.
ხოლო ესე აღგიარო შენ, რამეთუ გზასა ზედა, რომელსა-ეგე იტყჳან წვალებასა, ესრჱთ ვმსახურებ მამათა ღმერთსა და მრწამს ყოველი, რომელი წინაჲსწარმეტყუელთა წერილ არს.
და სასოებაჲ მაქუს ღმრთისა მიმართ, რომელსაცა ეგენი მოელიან, აღდგომაჲ ყოფად არს მართალთაჲ და ცოდვილთაჲ.
ამას ზედაცა მე ვშურები და დაუპკოლებელი გონებაჲ მაქუს ღმრთისა მიმართ და კაცთა მარადის.
და მრავლისა წლისა შემდგომად ქველისსაქმის-ყოფად ნათესავისა ჩემისათჳს მოსრულ ვიყავ და შესაწირავისა,
რომელთა მპოვეს მე განწმედილი ბაგინთა შორის, არა ერითა, არცა შფოთითა,
არამედ ასიაჲთ ვინმე ჰურიანი, რომელთაჲ ჯერ-იყო შენ წინაშე მოსლვაჲ და შესმენაჲ, რაჲ-იგი აქუს ჩემდა მომართ სიტყუად.
ანუ მაგათ თჳთ თქუედ, რაჲ პოვეს ჩემ თანა ბრალი, ვდეგ რაჲ-იგი კრებულსა შორის,
ანუ ერთისა მის სიტყჳსათჳს, რომელ ღაღად-ვყავ, მათ შორის რაჲ-იგი ვდეგ, ვითარმედ: "აღდგომისათჳს მკუდართაჲსა ვისაჯები მე თქუენ მიერ"".
დრო-უყო ფელიქს, ჭეშმარიტად იცოდა გზისა მისთჳს, და თქუა: "რაჟამს ლუსია ათასისთავი მოვიდეს, მაშინ ვიკითხო თქუენთჳს".
და უბრძანა ასისთავსა მას დამარხვაჲ მისი და რაჲთა იყოს იგი მოლხინედ და ნუ ვინ აყენებნ თჳსთა მისთა მსახურებად მისა.
შემდგომად რავდენთამე დღეთა მოვიდა ფელიქს დროსილჱს თანა, ცოლისა თჳსისა, რომელი იყო ჰურიაჲ, და მოუწოდა პავლეს და ისმინა მისი ქრისტე იესუჲს მიმართ სარწმუნოებისათჳს.
და ვითარ ეტყოდა იგი სიმართლისათჳს და მოთმინებისა და საშჯელისათჳს მერმისა, შეეშინა ფელიქსს და ჰრქუა: "აწ კმა არს, წარვედ და ჟამსა მოცალესა მოგიწოდი შენ".
ამას თანა ჰგონებდა, ვითარმედ ფასი მოიღოს მან პავლჱსგან. ამისთჳსცა ზედაჲსზედა მოუწესნ და ზრახავნ მას.
ვითარცა ორი წელი აღესრულა, მოუჴდა მსახური ფელიქს პორტიელი ფესტოს, უნდა მომადლებაჲ ჰურიათაჲ ფელიქს, და დაუტევა პავლე კრული.