და ვითარცა მოვლეს ანფიპოლი და აპოლონიაჲ, მოვიდეს იგინი თესალონიკედ, სადაცა-იგი იყო შესაკრებელი ჰურიათაჲ.
და ვითარცა ჩუეულ იყო პავლე, შევიდა მათა, და სამი საშაბათოჲ საკითხავი გამოურჩია მათ წიგნთაგან,
გამოუთარგმანებდა და წინადაუდებდა მათ, რამეთუ ქრისტჱსა ჯერ-იყო ვნებად და აღდგომად მკუდრეთით, და რამეთუ: "ესე არს ქრისტჱ, რომელსა მე გახარებ თქუენ".
და რომელთამე მათგანთა ჰრწმენა და შეუდგეს პავლეს და შილას, და მსახურთა წარმართთა სიმრავლესა მრავალსა და დედათა მთავართა არა მცირედთა.
ხოლო შურ იღეს ჰურიათა და მოიყვანნეს სავაჭროთაგანნი ვინმე ბოროტნი, და ერად კრბებოდეს და აშფოთებდვს ქალაქსა, ზედამიუჴდეს სახლსა იასონისსა, ეძიებდეს მათ გამოყვანებად ერსა წინაშე.
და ვითარცა არა პოვნეს იგინი, მიითრევდეს იასონს და სხუათა ვიეთმე ძმათა ქალაქისა მთავართა წინაშე და ღაღადებდეს, ვითარმედ: "ყოველი სოფელი აუშფოთებიეს, იგინი აქა მოსრულ არიან,
რომელნი შეუწყნარებიან იასონს, და ესე ყოველნი მჴდომად ბრძანებათა კეისრისათა იქმან, მეუფესა ვისმე სხუასა იტყჳან ყოფად იესუს".
და აღტეხეს ერი იგი და ქალაქაპეტნი იგი სიტყჳთა მით,
ვიდრემდის მოჰჴადეს თავსმდები იასონს, და მაშინღა განუტევნეს იგინი.
ვითარცა მოვიდეს ძმანი იგი, მუნქუესვე ღამე განიყვანნეს, წარგზავნნეს პავლე და შილა ბერუად კერძო მიერ. ვითარცა მოვიდეს ქალაქსა მას, მი-ხოლო-იმართეს კრებულსა მას ჰურიათასა,
რამეთუ ესენი უაზნაურეს იყვნეს მათ თესალონიკელთასა, რომელთა შეიწყნარეს მათი იგი სიტყუაჲ ყოვლითურთ გულსმოდგინედ, მარადის გამოეძიებდეს წიგნებსა მას, უკუეთუ ესე ესრჱთ არს.
მრავალთა მათგანთაცა ჰრწმენა და წარმართთაგანთაცა და დედათა მრავალთა და მამებსა არა მცირედსა.
ვითარცა აგრძნეს თესალონიკელთა მათ ჰურიათა, ვითარმედ ბერუასცა მიეთხრა პავლეს მიერ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ, მოვიდეს მუნცა, იწყეს აღტეხად ერისა მის.
მუნქუესვე განიყვანნეს ძმათა მათ პავლე და წარგზავნეს იგი ზღჳსკიდით კერძო; შილა და ტიმოთე მუნვე დაადგრეს.
რომელთა-იგი წარჰყვანდა პავლე, მიიყვანეს იგი ათენადმდე და მოიღეს მცნებაჲ პავლჱსგან შილაჲსა და ტიმოთჱსა, რაჲთა ადრე წარეწინენ მას, და წარვიდეს.
ვიდრე-იგი ათენას შინა ქალაქსა ელოდა, ეძჳნებოდა სულსა მისსა მის თანა, ხედვიდა რაჲ ქალაქსა მას კერპთმსახურებისასა.
ეტყოდა მარადის კრებულსა მას შორის ჰურიათასა და რომელნი მსახურებდეს და უბანთა ზედა ყოველსა დღესა რომელნი შეემთხუეოდეს მას.
რომელთამე ეპიკურელთა და სტოვისა სიბრძნისმოყუარეთა სიტყუა-ყვეს მისთჳს, და რომელნიმე იტყოდეს: "რაჲმე ჰნებავს თესლისმეტყუელსა ამას სიტყუად?" რამეთუ იტყოდეს: "უცხო ეშმაკთა ჩას მთხრობელი ესე", რამეთუ იესუჲს აღდგომასა ახარებდა მათ.
შეიპყრეს იგი და არიოპაგედ მიიყვანეს და იტყოდეს: "შემძლებელ ვართა ცნობად, რაჲ არს ახალი ესე შენმიერი სიტყჳსა სწავლაჲ?
უცხოსა რასმე ასმენ სასმენელთა ჩუენთა. მნებავს ცნობად, რაჲ ჰნებავს ამას ყოფად".
ხოლო ათენელნი ყოველნი და რომელნი მოსრულ იყვნეს უცხონი, სხუა არარას იყვნეს, გარნა სიტყუად რასმე და სმენად უვახლჱსსა.
მაშინ დადგა პავლე შორის არიოპაგესა და თქუა: "კაცნო ათენელნო, ყოველთა ვითარცა მრჩობლ ეშმაკეულთა გხედავ თქუენ.
მიმო-რაჲ-ვიქცეოდე და ვიხილევდ სამსახურებელთა თქუენთა, ვპოვე ბომონი, რომელსა წერილ იყო: "უცნაური ღმერთი". რომელ-იგი არღა იცით და ჰმსახურებთ მას, მე გახარებ თქუენ.
ღმერთმან, რომელმან შექმნა სოფელი და ყოველი, რაჲ არს მას შინა, ესე ცისა და ქუეყანისაჲ უფალი არს, არა ჴელით ქმნულთა შინა ტაძართა დამკჳდრებულ არს,
არცა კაცობრივთა ჴელთა შინა იმსახურების, ვითარმცა მოქენე ვისამემცა იყო, რამეთუ იგი არს, რომელი მოსცემს ყოველთა ცხორებასა და სულსა; და ყოველნივე
შექმნა ერთისაგან სისხლისა ნათესავნი კაცთანი, დამკჳდრებად ყოველსავე პირსა ქუეყანისასა, განაჩინნა ბრძანებულნი ჟამნი და საზღვრის დადებანი დამკჳდრებისა მათისანი
მოძიებად ღმრთისა; უკუეთუმცა ვინმე ეძიებდა, პოვა და რამეთუ არა შორს არს კაცად-კაცადისაგან ჩუენისა,
რამეთუ მის მიერ ცხოველ ვართ, ვითარცა-იგი ვინმე თქუენგანნი სიტყჳსმოქმედნი იტყჳან, ვითარმედ: "რომლისა-იგი ნათესავცა ვართ".
აწ უკუეთუ ნათესავნი ღმრთისანი ვართ, არა გჳღირს, ვითარმცა ვჰგონებდით ოქროსა გინა ვეცხლსა ანუ ანთრაკსა, გამოხატულსა ხუროებით განზრახვითა კაცთაჲთა, საღმრთოსა მას მსგავს ყოფად.
რამეთუ ჟამნი იგი უმეცრებისანი უგულებელ-ყვნა ღმერთმან და აწ ამცნებს კაცთა ყოველთა ყოველსა ჟამსა და ყოველსა ადგილსა შენანებად;
რამეთუ დაამტკიცა დღჱ, რომელსა ეგულების განკითხვად სოფელსა სიმართლით კაცითა მით, რომელი განაჩინა, სარწმუნოებაჲ მოსცა ყოველთა, რამეთუ აღადგინა იგი მკუდრეთით".
ხოლო მათ ვითარცა ესმა აღდგომაჲ მკუდართაჲ, რომელნიმე ეკიცხევდეს, რომელთამე თქუეს: "ვისმინოთ შენი ამისთჳს მერმეცა".
და ესრჱთ პავლე გამოვიდა შორის მათსა.
ხოლო რომელნიმე მისდევდეს მას და ჰრწმენა, რომელთაგანი იყო დიონოსიოს არიოპაგელი და ცოლი მისი, სახელით დამარის, და სხუანი მათთანანი.