იოსტ გიპერტი


წიგნის პრეზენტაცია


თბილისი, 25.3.2008


 

ქალბატონებო და ბატონებო,

პატივცემულო საზოგადოებავ!

 

უპირველეს ყოვლისა მინდა მივესალმო უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს.

 

მინდა მივესალმო დამსწრე საზოგადოებას, ჩემს ქართველ კოლეგებს, და მადლობა გადავუხადო მათ მობრძანებისათვის და იმ ინტერესისათვის, რომელიც გამოიჩინეთ დღევანდელი პრესკონფერენციის მიმართ.

 

დღეს მე მსურს წარმოგიდგინოთ სულ ახლახანს ბელგიაში ბრეპოლსის გამომცემლობის მიერ გამოქვეყნებული პირველი გამოცემა ვენის პალიმფსესტისა.

 

ავსტრიის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში დაცული ეს პალიმფსესტი წარმოშობით იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტრიდან არის. პალიმფსესტის ქვედა ფენა შეიცავს ხანმეტი პერიოდის (მეხუთე-მერვე საუკუნეებისა) და გვიანი პერიოდის (მეცხრე-მეათე საუკუნეების) ექვს-ექვსი ხელნაწერის ფრაგმენტებს. ხანმეტი პერიოდის ფრაგმენტებს შორის ყველაზე საინტერესოა ორი აგიოგრაფიული ტექსტის ფრაგმენტები, კერძოდ წმიდა კვიპრიანე და იუსტინესი და წმიდა ქრისტინესი.

 

ამ პალიმფსესტის აღნიშნული ფრაგმენტები წარმოადგენენ დასახელებული ლეგენდების უძველეს წერილობით ვერსიებს. ამასთან ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ ქართულ პალიმფსესტში დაცული ლეგენდის ვერსია უფრო ძველია ვიდრე ბერძნულ, ლათინურ, სირიულ, სომხურ ან სხვა წყაროებში.

 

ლეგენდების გარდა, პალიმფსესტი მოიცავს ძველი აღთქმის წიგნების ფრაგმენტებსაც, რომლებიც ხანმეტი პერიოდის გახლავთ და ამდენად უძველესია ვიდრე დღემდე ცნობილი ყველა ქართული რედაქციები, კერძოდ მსაჯულთა, ისო ნავესი და ეზრას წიგნები.

 

წინამდებარე გამოცემა შედეგია ქართველ მეცნიერებთან ჩემი ხანგრძლივი თანამშრომლობისა. მე თავად პალიმფსესტს პირველად ათას ცხრაას ოთხმოც და ოთხ წელს გავეცანი, როდესაც ვენის უნივერსიტეტში ვმუშაობდი როგორც კავკასიურ ენათა ლექტორი.

ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში პალიმფსესტის ტექსტების ამოკითხვაზე მუშაობა დაიწყო ქალბატონმა ლამარა ქაჯაიამ, ხელნაწერთა ინსტიტუტის ფონდების დირექტორმა. მოგვიანებით, ათას ცხრაას ოთხმოც და თექვსმეტ წელს, პალიმფსესტზე მუშაობა დავიწყე პროფ. ზურაბ სარჯველაძესთან ერთად, მაშინ როდესაც იგი ჩემი მოწვევით იმყოფებოდა მაინის ფრანქფურტის Goethe-ს სახელობის უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად. ბატონი ზურაბის გარდაცვალების შემდეგ, ორი ათას სამ წელს, გერმანულმა ფონდმა Volkswagenstiftung-მა დააფინანსა ჩემს მიერ წარდგენილი საერთაშორისო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა კავკასიური წარმოშობის პალიმფსესტების ანალიზსა და პუბლიკაციას. დღეს წარმოდგენილი გამოცემა ამ პროექტის პირველი რეზულტატია და შედეგი გახლავთ ბატონ ზურაბთან და ქალბატონ ლამარასთან ჩემი თანამშრომლობისა. მე მიმაჩნია, რომ ვენის პალიმფსესტის გამოცემა ქართველ და გერმანელ მეცნიერთა თანამშრომლობის შესანიშნავი ტრადიციის გაგრძელებაა.

 

გამოცემა შეიცავს პალიმფსესტის ფაქსიმილიურ სურათებს, ქვედა ფენის დიპლომატიურ ტრანსკრიფციას, დაწვრილებით კომენტარებს ინგლისურ ენაზე და ინდექსებს.

 

წინამდებარე წიგნი წარმოადგენს პირველ ტომს ახლად დაარსებული "იბერო-კავკასიური სერიისა", რომელიც ნაწილია საერთაშორისო გამოცემის "Monumenta Palaeographica Medii Aevi" ("შუასაუკუნების პალეოგრაფიული ძეგლები"). ამ სერიის მეორე ტომი, რომელიც სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტერში აღმოენილ ალბანურ პალემფსესტებს მოიცავს, გამოქვეყნდება მიმდინარე წელს.

 

მე დღეს მაქვს პატივი, გამოცემის სასიგნალო ეგზემპლარი პირადად გადავცე უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს.

 

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, და საპატრიარქოს თანამშრომლებს, განსაკუთრებით ქალბატონ შორენას გულისხმიერი და კეთილგანწყობილი მიღებისათვის. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ წიგნის პრეზენტაცია შედგა საქართველოს საპატრიარქოში.

 

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აგრეთვე გელათის აკადემიის პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ ქურდიანს, პრეზენტაციის მოწყობის ორგანიზებისათვის.

 

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის.

floritura